პროკურატურა დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირისთვის  უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დედა-შვილის ნატო კვეზერელისა და გურამ კვეზერელის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის, ნ.კ.-ს და გ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“, მეორე ,,ე“, და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ყ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ, პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს, ბრალდებულმა გ.ყ.-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით დაგეგმა და განახორციელა დედა-შვილის ნ.კ.-ს და გ.კ.-ს მკვლელობა. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.კ.-ს გვამი კასრში მოათავსა და მისი დაშლის მიზნით ქიმიური ხსნარი დაასხა, რის შემდეგაც დამარხა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში.

სამართალდამცველებმა გ.კ. საბერძნეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 2 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც მის მიმართ ხორციელდებოდა საექსტრადიციო პროცედურები, რაც ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა და გ.კ-ს ექსტრადირება 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა