გია ხუხაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილის ყველა განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს

ოქრუაშვილი ერთადერთია ყანდურის თონეში ატეხილ ვაკხანალიაში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიდის თავისი მიზნისკენ - მისი ყველა განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ოქრუაშვილის საკმაოდ ეპატაჟური გამოსვლები, ფაქტობრივად, ყველაფერი აღიარებითი ჩვენებაა. რაც მთავარია, ის საუბრობს სისტემურ დანაშაულზე, ეს არ იყო მისი პირადი, არამედ, იყო ხელისუფლების სახელით ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩანს, ამ დანაშაულს დღევანდელ ხელისუფლებაშიც ჰყავს თავისი თანამონაწილეები და ამიტომ არ არის დაინტერესებული ხელისუფლება, რეაგირება მოახდინოს მის ამ განცხადებებზე. ოქრუაშვილი ამას მშვენივრად ხდება და მუდმივად პროვოცირებაც ახდენს, ფაქტობრივად, აშიშვლებს იმ მანკიერებას, რა უბედურებაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. ის ამბობს, რომ ილაპარაკებს დანაშაულებრივ ქმედებებზე, მაგრამ ხელს ვერ მოჰკიდებენ, რადგან თუ მოჰკიდებენ, ამ შემთხვევაში გაიხსნება პანდორას ყუთი და ყველა მის გვერდით იჯდება. ვიღაცები ხუმრობენ ამ განცხადებებზე და სიბრიყვეში უთვლიან ამას ოქრუაშვილს. მე ვფიქრობ, სინამდვილეში ოქრუაშვილი ერთადერთი ადამიანია, რასაც ჰქვია, ამხელა საგიჟეთში, ყანდურის თონეში ატეხილ ვაკხანალიაში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიზანმიმართულად მიდის თავისი მიზნისკენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის ყველა განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

„როდესაც ასეთი ბრალდება ისმის ოქრუაშვილის მხრიდან, ივანიშვილის დავალებით პროკურატურამ ყალბი ჩვენება დამაწერინაო, ეს უმძიმესი ბრალდებაა. აქ ორი ვარიანტია - ან ოქრუაშვილი ცილს სწამებს ხელისუფლებას და დანაშაულს ის სჩადის, ან მართლა მოხდა ის ფაქტი და შესაბამისად, ხელისუფლებამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. ხელისუფლება თავს იბრიყვებს, ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. რატომ? ერთადერთი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეტყობა, ამ საქმეებთან დაკავშირებით თვითონაც არ გამოიყურება მაინცდამაინც კარგად. ოქრუაშვილი პროვოცირებას სულ ახალი და ახალი ეპიზოდებით ახდენს. ვფიქრობ, მისი ამოცანა ძალიან მარტივია: ჩვენ ყველამ ერთად რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, ყველამ ერთად აქედან რაღაც მიიღო და მე დავრჩი „გადაგდებული“, გადაიხადეთ ჩემი წილიო. ბუნებრივია, მას შეუძლია, დაიწყოს აღიარებითი ჩვენებები, რომ აიძულოს ყოფილ პარტნიორებს, მისცენ ის, რაც ეკუთვნის, თუ არა და, მზად არის, ყველაფერი გააშიშვლოს“, - განუცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა