რომან კაკულია „რუსთავი 2“-ზე - არალოგიკურია ახალ მფლობელს მოსთხოვო, იყოს არსებული იდეოლოგიის გამტარებელი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განცხადებას ავრცელებს და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების და მათი მომხრეების მოთხოვნას პასუხობს.

რომან კაკულიას განცხადებით, არალოგიკურია ახალ მფლობელს მოსთხოვო, იყოს არსებული იდეოლოგიის გამტარებელი, იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი პარტიის ლიდერი, რომელიც პრაქტიკულად მესაკუთრედ მოიაზრება, ამავე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ეს არის არა ტელევიზია, არამედ იდეოლოგია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მძლავრი ინსტრუმენტი.

რომან კაკულიას მიერ გავრცელებულ განცხადებას, პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საზოგადოების განვითარების პროცესში მედიის როლი თუ ის არის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს ყველა ტიპის ინფორმაცია. მაშინ გამოდის, რომ ასეთი ტიპის პრეტენზია ტელევიზიას, ნებისმიერს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ამ შემთხვევაში. თუ ის ემსახურება საზოგადოების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ანუ, აწვდის მას ყველა ინფორმაციას და ამ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ახალი მფლობელისგანაც, რომ მან დაიცვას ეს მთავარი სტანდარტი მედიის დამოუკიდებლობის“,-აცხადებს რომან კაკულია.

კომიტეტის თავმჯდომარე თავის განცხადებაში ასევე განმარტავს კრიტიკული მედიის არსს და მისი არსებობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აქვე უნდა შევთანხმდეთ და განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს კრიტიკული მედია. კრიტიკული მედია, ჩემი აზრით, არის ის მედია, რომელიც მთავრობას უსვამს იმ შეკითხვებს, რომელსაც ის არასოდეს არ დაუსვამდა თავის თავს და ნებისმიერი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომელსაც პასუხს ვერ სცემს მთავრობა, რა თქმა უნდა, მედიამ ძალიან ხმამაღლა უნდა გააჟღეროს. ასევე გასაგებია, მთავრობის მხარდამჭერები რა შეკითხვებსაც არ დასვამდნენ, ასეთი შეკითხვის დამსმელი მედიაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის და ამ შემთხვევაშიც თუ პასუხები არ არსებობს, აუცილებელია მედიამ ეს ხმამაღლა თქვას. მაგრამ კრიტიკულ მედიას ის ვალდებულებაც აქვს, თუ მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არსებობს, მოკრძალებულად ეს აღნიშნოს მაინც, რომ არსებობდა და გააგრძელოს შემდეგ თავისი კრიტიკული მიდგომა. და ასეთ სივრცეში, როდესაც ამ გაგების კრიტიკული მედიები არ გვაქვს, ჩვენ ვღებულობთ პოლარიზებულ მედიებს. ჩვენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა ჩამოვაყალიბოთ, რას ვგულისხმობთ კრიტიკული მედიის ქვეშ, რასაც მხოლოდ მივესალმები და წარმოუდგენლად მიმაჩნია საზოგადოების, მთავრობის, ხელისუფლების მოღვაწეობა კრიტიკული შეკითხვების გარეშე, მაგრამ სანამ არ დასრულდება სხვადასხვა იდეოლოგიაზე მორგებული ტელევიზიების კონკურენცია, ჩვენ გვერდზე გვრჩება მთავარი მიზანი, საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, - აცხადებს რომან კაკულია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა