მიხეილ ქარელი - ირაკლი ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს, ის გამორჩენის მიზნით ყველაფერს იკადრებს!

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ქარელი განცხადებას ავრცელებს. მიხეილ ქარელის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი გამორჩენის მიზნით ყველაფერს იკადრებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„იმის გამო, რომ გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემული ჩემი კომენტარი სრულად ვერ მოხვდა ეთერში და გარკვეულწილად, აზრი დაიკარგა, ვავრცელებ განცხადებას, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რასაც მე ვფლობ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების მიზნით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით.

წლების წინ, რაც მე პოლიტიკიდან წავედი და ქვეყნიდან წასვლა მომიწია, ძალიან დიდ ხანს არ ვჩანდი საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, იმდენი რამ გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, ჩრდილში ყოფნა ვამჯობინე, თუმცა ვფიქრობ, დღეს უკვე გაჩუმების მორალური უფლება არ მაქვს. რაც დღეს ხდება და რასაც ირაკლი ოქრუაშვილი კადრულობს, ყველანაირ ზღვარს სცდება.

იმ წლებში, როდესაც მე ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი ვიყავი, იმდენად ფოკუსირებული ვიყავი საქმეზე და ისეთი პოლიტიკური ტემპი იყო ქვეყანაში, რომ ისეთი დეტალები როგორიც პიროვნების ადამიანური მხარეებია, ჩაიკარგა იმ რიტმში, რასაც ბუნებრივია, დღეს ძალიან განვიცდი და ვხვდები, რომ ისეთი დაბალი ზნეობის ადამიანი, როგორიც ოქრუაშვილია, არ იმსახურებდა არავის მეგობრობას და ერთგულებას. ის მაშინ იყო პოლიტიკურ ზენიტში და არ ჰქონდა ძალაუფლების კრიზისი, შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციებში მე ის არასოდეს მყავდა შეფასებული. მას შემდეგ კი, როდესაც ის ძალაუფლების ზენიტიდან ასე დაეცა, ქართულმა საზოგადოებამ ბევრჯერ ნახა მისი მორალური და ზნეობრივი დაცემაც.

მე არასოდეს მისაუბრია რა გახდა ოქრუაშვილზე ჩემი შეხედულების რადიკალურად შეცვლის მიზეზი (ეს ის პერიოდია, როდესაც ორივე დევნილობაში ვიყავით), ამჯერადაც თავს შევიკავებ. ერთი რამ შემიძლია განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით - ირაკლი ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს; ირაკლი ოქრუაშვილი ყველაფერს იკადრებს გამორჩენის მიზნით; ირაკლი ოქრუაშვილის სტილია სამარცხვინო ჭორაობა და ბინძური მეთოდებით მანიპულირება.

მისი ყოვლისშემძლეობის დღეს აღარავის სჯერა, პირადად ჩემთვის კი, ეს მითი მის ცნობილ სატელევიზიო ჩვენებამდე ადრე დაინგრა.

რაც შეეხება იმ ე.წ. ხელშეკრულებას და ხელმოწერებს, რომელსაც ოქრუაშვილი აქვეყნებს და რის საფუძველზეც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟი და მისი მხრიდან მორიგი სარგებლის ნახვის მცდელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელმოწერები მას გაყალბებული აქვს. როდესაც სატელევიზიო ეთერით ოქრუაშვილის გამოქვეყნებული ფურცლები ვნახე, მაშინვე აღვიდგინე ის დღე, როდესაც მან პარიზში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ მის ახლობელ ადამიანებს სთხოვა, კარგად დაკვირვებოდნენ და დაეკოპირებინათ სხვა ფურცლებზე. მათ დიდი ხნის განმავლობაში ივარჯიშეს კიდეც და როგორც ჩანს, ახლა ოქრუაშვილს სწორედ იმ გაყალბებული ხელმოწერებით სურს, „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება. ეს პრაქტიკა მას არაერთხელ გამოუყენებია და არაერთხელ უცდია სხვისი ქონების მითვისება გაყალბებული ხელმოწერებისა და ცრუ ჩვენებების მიცემის გზით.

და ბოლოს, მრავალი წელი, რაც დევნილობაში გავატარე, საქართველოში მიმდინარე პროცესებს გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. ბევრი წელი ვიყავი ჩუმად და არ ვჩანდი, თუმცა ჩემს სამშობლოზე ფიქრი არასოდეს შემიწყვეტია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ მამოძრავებს და ამ კუთხით არანაირი აქტივობა გეგმაში არ მაქვს. მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ, დღეს თავს ვალდებულად ვთვლი ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც.

ერთი მხარეა სამართლებრივი, რაზეც მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო სიმართლის დასადგენად, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაბინძურებულ პოლიტიკაში უარესად დაბინძურებული აზროვნებით და ხერხებით არ შემოვიდეს ოქრუაშვილი, რომლისთვისაც მორალი არაფერში არ არსებობს და მითუმეტეს პოლიტიკაში“, - ნათქვამია მიხეილ ქარელის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ავრცელებს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა