დავით ჭიჭინაძე - რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე  ბრალი წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ

რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან კითხვები აქვს.

„მე ხელისუფლების მიმართ მექნება კითხვები. რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ, მით უმეტეს, რომ ანალოგიური სქემებია იქაც. თან, ეს საქმე დიდი ხნის წინაა დაწყებული და ჩვენებებიცაა მიცემული, სადაც ჩანს, რომ 2012 წლამდე, ძალიან ბევრ ისეთ საქმეშია ბრალდებული, რასაც ხელმძღვანელობდა თურნავა და მისი გუნდი. მათი საქმე კი, ვინც თავს დაზარალებულად ცნობს, წინ არ წაწეულა, ანუ, არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. თუ ხაზარაძე დამნაშავეა, იგივე დანაშაულის ჩამდენია თურნავა და არა „წარმატებული“ მინისტრი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის „აღმშენებელი“, როგორადაც ახლა გვიხატავენ. როგორც აშენეს ეკონომიკა, ჩანს - ერთი დოლარი 2,91 ლარს აჭარბებს! ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, მით უმეტეს, რომ ექვსი თვე გავიდა იმ პირველი განაცხადებიდან დღემდე. როგორც ვიცი, არანაირი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა და თუ ასეთი მძიმე დანაშაულია, პროკურატურას ცოტა უფრო სერიოზულად უნდა ემუშავა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მან გაიხსენა ნიკა მელიასთან დაკავშირებული მოვლენები და აღნიშნა, რომ მის შემთხვევაში, 93 დეპუტატმა უპასუხისმგებლოდ დაუჭირა მხარი მელიას პატიმრობას, რაც მოგვიანებით სასამართლომ არ გაითვალისწინა, შესაბამისად, ამჯერადაც სასამართლოსთვის დალოდებაა საჭირო.

„მელიას შემთხვევაში ფინალში გამოვიდა, რომ მურუსიძის სასამართლო უფრო „სულგრძელი“ აღმოჩნდა და გამჭრიახი, ვიდრე მთელი ჩვენი პარლამენტი. ამიტომ, დაველოდოთ, გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურატურის ბრალდებას“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ჭიჭინაძემ ასევე ისაუბრა თავად მამუკა ხაზარაძის შესახებ.

„რაც შეეხება პირადად ხაზარაძეს, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლაზე გააკეთა განაცხადი, მაშინვე ვთქვი, რომ მას თავისუფალი საქართველო ნაკლებად ადარდებს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა. თავისუფალი საქართველო იწყება თავისუფალი საზოგადოებით და არა ვალიანი და დამონებული ადამიანებით, რაშიც ლომის წილი, სხვათაშორის, ხაზარაძესაც მიუძღვის. სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესდაკარგული. ბევრიც, მართალია ნაცების დროს, მაგრამ ციხეშიც მოხვდა. მათი სახელები კი ყველასთვის ცნობილია. ისიც საინტერესოა, დაგირავებული 20 მილიონიდან ამონაგები 70 მილიონი ანაკლიაში მიაქვს თუ პოლიტიკაში? რადგან დღეს არც ანაკლიის ზუსტი ღირებულება ვიცით და არც ის, სადაა ფინანსები, რომელიც უნდა მობილიზდეს. იმაზეც დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ეს პორტი არის პოლიტიკური და არა კომერციული მნიშვნელობის. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. და ბოლოს, როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ მარტო ხაზარაძე კი არა, საქართველო ვარო, მინიმუმ, მორიდებული უნდა იყო. ილია ჭავჭავაძეს არ შეუდარებია თავისი თავი ქვეყანასთან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული. ისე, ივანიშვილსაც არანაკლები პროექტები აქვს განხორციელებული - 3-4 მილიარდი დახარჯა ქართულ პროექტებში, მაგრამ საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი სახეები სწორედ ის „ნაცები“ არიან, ვისაც ებრძოდა. ე.ი. ვერც ივანიშვილი ვერ გახდა საქართველოს სახე, ერთი ადამიანი არასოდეს არის და არც იქნება ამ ქვეყნის მომავალი! საქართველო კი კიდევ ბევრს გაუძლებს, ამ დროებით რყევებსაც და ამ გამოცდილებით უფრო გაბრწყინებული გამოვა მდგომარეობიდან“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა