მოსამართლეობის კანდიდატის გოგიტა თოთოსაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე მოსამართლედ მუშაობისას არ ახსენდება ფაქტი, რომ "რაიმე საქმეზე მითითება ჰქონოდა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გოგიტა თოთოსაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე მოსამართლედ მუშაობის პერიოდში არ ახსენდება ისეთი ფაქტი, რომ "რაიმე კონკრეტულ საქმეზე მითითება ჰქონოდა".

აღნიშნულის შესახებ გოგიტა თოთოსაშვილმა იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა, როდესაც უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის მიერ დასმულ შეკითხვას.

"თქვენ მიეკუთვნებით იმ კანდიდატთა ჯგუფს მოქმედი მოსამართლეების, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდა 2012 წლამდე. მხედველობაში მაქვს მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდის შესახებ სხვადასხვა შეფასებები გვესმის - "მოსამართლეები იმ დროს ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ცუდები იყვნენ და ახლა კარგი როგორ გახდნენ", როგორ ფიქრობთ, თქვენი საქმიანობის მაგალითზე, რა ხდებოდა იმ პროცესში ცუდი და კარგი, ან რა შეეძლო მოსამართლეს ამ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, როგორია თავითონ მოსამართლის მორალური უფლება, რომელიც მანამდე მუშაობდა და მის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას, რამე ქეჯნა,ხომ არ უნდა ჰქონდეს?!“ - ჰკითხა ლევან გზირიშვილმა თოთოსაშვილს.

გოგიტა თოთოსაშვილის თქმით, სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ბევრად წინ არის წასული, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა 13 წლის წინ მოსამართლედ დაინიშნა.

"2006 წლიდან დავინიშნე მოსამართლედ გორის რაიონულ სასამართლოში. მე, ძირითადად, სამოქალაქო სამართალწარმოების კუთხით ვიყავი, სისხლის სამართლის საქმეები ძალიან იშვიათად მქონდა. თუ არ ვცდები 2007 ან 2008 წელი იყო, როცა სასჯელთა შეკრებითობა დადგინდა და ეს შეიძლება ცუდად აისახა. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, ვფიქრობ, განვითარების პროცესია, მათ შორის განვითარების წინაშე ყოველთვის დგას სასამართლო. ალბათ, ხარვეზები იყო, მაგრამ ისეთი რაღაც არა, რომ რაღაც მითითება ყოფილიყო, ან სხვა სახის გარემოება ყოფილიყო შექმნილი, ან ზოგადად, სასამართლო პოლიტიკის მიმართ, ან რომელიმე კონკრეტული საქმის მიმართ - ასეთი რამე ნამდვილად არ ყოფილა და კოლეგების მხრიდან არც გამიგია", - განაცხადა თოთოსაშვილმა.

გოგიტა თოთოსაშვილის განცხადებით, თავის კომპეტენციისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვს მოლოდინი იმისა, რომ მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ სიაში, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოგიტა თოთოსაშვილთან გასაუბრება მიმდინარეობს. თოთოსაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს