ნათია თურნავა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს 12 უმსხვილესი კომერციული ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბანკებთან შესაბამისი მემორანდუმები გაფორმდა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო, ხელშეკრულებებს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ტურისტულ ბიზნესს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

„ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც დავეხმარებოდით ტურისტულ ბიზნესს, რომ შეგვერბილებინა ის ნეგატიური ზემოქმედება, რაც მას პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და შემდგომ რუსეთის მხრიდან ფრენების შეწყვეტამ მოუტანა. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება და მისი გადაწყობა ძირითადად ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის შესაძლებლობა სასტუმრო ბიზნესისთვის, ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის - მიიღოს ახალი დაფინანსება, ახალი სესხები თავისი ბიზნესის გასაფართოებლად, ან ახლის დასაწყებად.

„ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არა მარტო შევინარჩუნოთ დღევანდელ დონეზე ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მიუხედავად უდიდესი დარტყმისა, არამედ შევინარჩუნოთ განვითარების ტემპიც“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს