გია ხუხაშვილი - დრო დადგა,  ხელისუფლების მოქმედებებს დავაწეროთ: „უკომენტაროდ”

დრო დადგა, ხელისუფლების მოქმედებებს დავაწეროთ: „უკომენტაროდ”. გამოვიტანოთ დასკვნები და შესაბამისად მოვიქცეთ მაშინ, როდესაც დადგება მათი გასტუმრების დრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შეფასებისას განაცხადა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აფექტის მდგომარეობაში მოქმედებს. პოლიტოლოგის შეფასებით, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, დაკავებების ფონი არ მეტყველებს ხელისუფლების სასარგებლოდ.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მოქმედებს რაღაც აფექტის მდგომარეობაში. აქვს განცდა, რომ კონტროლს კარგავს სიტუაციაზე და ცდილობს ის ჯინი ისევ ბოთლში ჩატენოს და ჩააბრუნოს როგორმე, აქედან გამომდინარე, ასეთ აფექტურ, სპონტანურ, ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებს ხშირ შემთხვევაში. ამ დაკავებების ფონი, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, არ მეტყველებს ხელისუფლების სასარგებლოდ. პოლიტიკურ კონტექსტს თითქოს ან არ ითვალისწინებენ, ან ცდილობენ, რომ გადატეხონ ეს პოლიტიკური კონტექსტი. ოქრუაშვილთან, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვები დაგროვდა, მაგრამ არა იმდენად იმ საქმეზე, რაზეც ის დღეს დააპატიმრეს, არამედ იმაზე, რა აღიარებითი ჩვენებებიც მისცა ბოლო დღეების განმავლობაში. იქ ბევრად უფრო მძიმე და ბევრად უფრო სერიოზულ საქმეებზეა ლაპარაკი. იმ ყველაფერს წაუყრუა ხელისუფლებამ და დააკავა იმაზე, რაზეც შეეძლო დაეკავებინა დავუშვათ მელიასთან ერთად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ამ ფონზე ჩნდება კითხვა, რატომ დააკავეს ოქრუაშვილი ახლა და არა სამი კვირის წინ, როდესაც ნიკა მელიას წაუყენეს იგივე საქმეზე ბრალი.

„მელია და ოქრუაშვილი ხომ იქ იყვნენ ორივე და ის ვიდეოკადრები, რასაც დღეს გვაჩვენებენ, ხომ მაშინვე ქონდათ?! რატომ ხდება ისე, რომ მელიას პროცესი გაიმართა ორი თუ სამი კვირით ადრე, ოქრუაშვილის კი ახლა, მაშინ როცა, მან ამდენი საოცარი რაღაც ილაპარაკა. ხელისუფლების მოქმედებები მინიმუმ ძალიან უხარისხოა და აფექტური. საბოლოო ჯამში შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლება სულ სულ ბოლო მხარდამჭერებსაც კი დაკარგავს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ რომ ირაკლი ოქრუაშვილი დღეს 20-21 ივნისის საქმეზე დღეს დააკავეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6-იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს