გია ვოლსკი - პოლიტიკურ სიბრტყეში თემის გადატანა არის მანიპულაცია და ვითარების ისე დახატვა, თითქოს ხაზარაძის ან ჯაფარიძის პროცესი დაკავშირებულია პოლიტიკურ ინტერესებთან

სჯობს, ბრალდებულებმაც და პოლიტიკურმა გუნდებმაც, ვინც მათ გულშემატკივრობს, ილაპარაკონ დანაშაულის არსებობა-არარსებობაზე და საგნობრივი იყოს ეს განხილვა, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენდეთ, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებები.

„სჯობს ბრალდებულებმაც და პოლიტიკურმა გუნდებმაც, ვინც მათ გულშემატკივრობს, ილაპარაკონ დანაშაულის არსებობა-არარსებობაზე და საგნობრივი იყოს ეს განხილვა, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენდეთ. არაერთი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფოს დაზიანების მცდელობებს ეხება. არავის უხარია, რომ ადამიანები პასუხისგებაში ეძლევიან და დაკავებები ხდება, სისხლის სამართლის საქმეები იღძვრება, ეს სახელმწიფოსთვის გამოწვევაა. მაგრამ უფრო დიდი გამოწვევა იქნება სახელმწიფოსთვის, რომ ხაზარაძისთვის ან ჯაფარიძისთვის, ან თუნდაც პარლამენტში შემოჭრის მცდელობებს არ მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ამ საქმეებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ყველა ეს პროცესი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მონათლულია, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების გამოვლინება. იმ საკითხების პოლიტიზირება ხდება, რაზეც წმინდა სამართლებრივი პასუხებია გასაცემი. ეს ხელისუფლებისთვისაც მძიმე პროცესია, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე იქნება სახელმწიფოსთვის ის გარემოება, თუკი მართლა დანაშაულები ხდება და ამ დანაშაულებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ ეძლევა, თუნდაც 11 წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში რეალობა უნდა გამოვლენილიყო და ყურადღება უნდა მიექციათ, მაგრამ 2016 წლამდე ამის არანაირი წინაპირობა არ იყო, რადგან ეროვნული ბანკი პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური განცხადებებით თავისი ბრალდების გადაფარვას, ვოლსკის პასუხობს, რომ „ეს სწორედ ამაზე მიუთითებს. პოლიტიკურ სიბრტყეში ამ თემის გადატანა არის გარკვეული მანიპულაცია და ვითარების ისე დახატვა, თითქოს მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის პროცესი არის დაკავშირებული პოლიტიკურ ინტერესებთან“.

„სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები სტაბილურობაა და როცა ამ სტაბილურობას ეხება გარკვეული ადამიანების მოქმედებები, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. დავა გონივრული იქნება სასამართლოს წიაღში. სხვანაირად ნებისმიერი განცხადება, რომელიც არის პრაქტიკულად ამ პროცესების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. გაურკვევლობა, ეჭვი, ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც საშუალებას აძლევს პოლიტიკურ ოპონენტებს ისაუბრონ მთავრობის გამიზნულ ქმედებებზე. ეს დააზიანებს პოლიტიკურ პროცესს, რომელიც შესთავაზა ხელისუფფლებამ ოპონენტებს და საზოგადოებას. ასეთი რეალობა არავის შეიძლება უხაროდეს, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში, მაგრამ არ შეიძლება შესაძლო დანაშაულზე პასუხი იყოს არა საგნობრივი, არამედ პოლიტიკური განცხადება. ეს უადგილო და შეუფერებელია იმ ვითარებისთვის, რაც სახეზე გვაქვს “, - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა