არჩილ თალაკვაძე ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე - ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას იძლევა, რომ მოლაპარაკებები აწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით

დღევანდელი მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები აწარმოო კომუნიკაციების და ტექნოლოგიების გამოყენებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისთვისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვის შეფასებისას განაცხადა, რომლითაც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე, საზღვარგარეთ გასვლა ეკრძალებათ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. ამასთან, კითხვაზე, ხომ არ არის ეს პროკურატურის ხელში ერთგვარი ბერკეტი, რომ ნებისმიერი მიზეზით „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს საზღვარგარეთ გასვლაზე უარი ეთქვათ, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მას ორი პასუხი აქვს.

„ჯერჯერობით არ გვაქვს ფაქტი, სადაც მათ ითხოვეს საზღვარგარეთ გასვლა და უარი ეთქვათ და მეორე - დღევანდელი მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები აწარმოო კომუნიკაციების და ტექნოლოგიების გამოყენებით, ტელე-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებითაც. მე არ ვურჩევ მათ ან ვინმეს, რომ მაინცდამაინც ეს გამოიყენონ, მაგრამ ეს ორი ფაქტორი აქ მნიშვნელოვანია და საზოგადოებას ობიექტურად უნდა ვუთხრათ ორივე შესაძლებლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება „თიბისის“ საქმეს, არჩილ თალაკვაძის თქმით, როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ისე სახელმწიფოს ინტერესია, რომ საქმეზე სამართლაწარმოება დროულად ამოიწუროს.

„ერთი წლის წინ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, როგორც ხაზარაძის და ჯაფარიძის, ისე სახელმწიფოს ინტერესებში შედის და უნდა შედიოდეს ის, რომ ეს საქმე და ამ საქმეზე სამართალწარმოება ამოიწუროს დროულად. ამიტომ აქ ბუნებრივი გონივრული ვადები, საჯაროობა, რომელსაც იცავს პროკურატურა და სახელმწიფო არის აუცილებელი კომპონენტი, რომ საზოგადოებამ იცოდეს და იყოს პროცესი გამჭვირვალე. დანარჩენს გვიჩვენებს სასამართლო პროცესი, სადაც მხარეთა შეჯიბრებითობა დაცულია და ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში სასამართლო. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, აეროპორტებს და ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ და ვაშენებთ, ეს არის ხელისუფლების და მთავრობის საქმე. ეს არის თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ინვესტორებთან. არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მომავალი განვითარება და არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ადამიანს და რა თქმა უნდა, არ არის გარანტირებული მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან. ეს არის ინსტიტუციური პროექტები. ამ პროექტებზე ლიდერობა აქვს სახელმწიფოს. ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაიწყო. შესაბამისად, მისი დაყვანა საჯარო დისკუსიაში, რომელიმე ერთ პიროვნებაზე, პარლამენტში, ოპოზიციაში თუ კერძო სექტორში, ვფიქრობ, არის სპეკულაცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო