ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულებზე - მათი პატიმრობა შურისძიებას ჰგავს იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ვერ აპატიეს

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ამ აქციებზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის ყოველგვარი გაუფრთხილების გარეშე დაწყება, „ცალსახა კანონდარღვევა იყო“.

ამასთან, ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დააკავეს, არავითარ საფრთხეს არ უქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას და არ არსებობს მათი დაკავების არანაირი საჭიროება.

„ჩვენთვის, აქცია #სირცხვილია -ს ორგანიზატორებისთვის, კანონი უზენაესია, ხოლო უზენაესი კანონი კონსტიტუციაა, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ქვეყანაში რუსი კომუნისტი დეპუტატის შემოშვება და შემდეგ მისი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმა იყო ის, რამაც 20 ივნისს პარლამენტის წინ შეგვკრიბა. 20 ივნისს, ხელისუფლებამ, სპონტანურად შეკრებილი მრავალათასიანი აქციის პირისპირ სპეცრაზმი დააყენა. ეს ნაბიჯი, ჩვენი აზრით, იყო გამიზნული პროვოკაცია. ცალსახა კანონდარღვევა იყო ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის ყოველგვარი გაუფრთხილების გარეშე დაწყება, რაც მალევე, ადამიანებზე ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიებით ნადირობაში გადაიზარდა. იმ ფონზე, როცა პოლიტიკური ხელისუფლება მომხდარის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებების ტალღა კანონის უზენაესობის პატივისცემის არგუმენტით ვერ შეიფუთება იმ ფონზე, როცა გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ლმობიერი აღმოჩნდა მისადმი ლოიალურად განწყობილი მოძალადე პირების მიმართ: 2013 წლის თებერვალში - ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, 2013 წლის 17 მაისს - რუსთაველის გამზირზე, 2016 წლის მაისში - კორცხელში, 2019 წლის ივნისში - პანკისში და ა.შ. გვითხარით, ზემოთ ნახსენებ რომელ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება იმავე ან მსგავსი მუხლებით მაინც, რასაც 20 ივნისის დემონსტრანტებს ედავებიან? ამ ამბების რომელი მონაწილის ან ორგანიზატორის მიმართ იქნა გამოყენებული საპატიმრო ღონისძიებები ან სასჯელი?

ჩვენ გვახსოვს, რომ ბიბლიოთეკასთან ძალადობა 100-ლარიანი ჯარიმებით დასრულდა;

ჩვენ გვახსოვს, რომ ტელეკომპანია "კავკასიის" დარბევაში მონაწილე პირები პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს; ჩვენ გვახსოვს, რომ 17 მაისს მოძალადე კონტრაქციის მონაწილეები წვრილმანი ჯარიმებით გათავისუფლდნენ;

ჩვენ გვახსოვს, რომ კორცხელელ ზონდერებს არც ერთი დღე არ გაუტარებიათ პატიმრობაში; ჩვენ გვახსოვს, რომ "ქართული მარში" დღემდე დაუსჯელად დადის და ბედავს, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ მობილიზდეს, ხოლო ლევან ვასაძე, რომელიც ვერის ბაღში მოძალადე რაზმს აყალიბებდა, არათუ დააკავეს ან ბრალი წაუყენეს, არამედ 600,000 ლარიანი აგროკრედიტიც კი გამოუწერეს, ისევ ბიუჯეტისა და ღარიბი ხალხის ხარჯზე.

ამ ვითარებაში, "ქართული ოცნების" მიერ დანერგილი სტანდარტის გათვალისწინებით, გავრილოვის ჩამოსვლით გაღიზიანებული და აღშფოთებული მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა ლამის განზრახ მკვლელობის ტოლფასი, უმძიმესი მუხლებით არის შერჩევითი სამართალი.

დაკავებულთა რიგებში არიან ადამიანები, რომელთაც წარსულში არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებიათ. ისინი ცხოვრობდნენ მშვიდობიანად მანამ, სანამ მთავრობა ოკუპანტ გავრილოვს საკანონმდებლო ორგანოში სხდომას წააყვანინებდა. ეს ადამიანები მუშაობდნენ ქვეყნისთვის, იხდიდნენ გადასახადებს, თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში, ახლა კი ისინი უვარგისი სასამართლოს გადაწყვეტილებებით სხედან ციხეში, მათ შორის შსს-ს მიერ გავრცელებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოების საფუძველზე.

მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არავითარ საფრთხეს არ უქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას, არ არსებობს მათი დაკავების არანაირი საჭიროება და თავისუფლადაა შესაძლებელი, სასამართლო პროცესამდე მათი სახლში გაშვება. ამ პირთა პატიმრობა შურისძიებას ჰგავს - შურისძიებას იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ვერ აპატიეს.

ასევე, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნა. მოვითხოვთ, რომ “გავრილოვის ღამის” მთავარი დამნაშავე და შემოქმედი, შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ისევ ჩვენი გადასახადებით იღებს ხელფასს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს გაზრდის გამოძიების წნეხის გარეშე ჩატარების ალბათობას და დატოვებს ნაკლებ კითხვას საზოგადოებაში, მიმდინარე მოვლენებისა და გამოძიების სამართლიანობასთან დაკავშირებით. #სირცხვილია #გახარიაწადი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა