სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე აქციაზე დაკავებულ პირების - გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენას მისი მეგობრები და თანამოაზრეები ტაშით შეხვდნენ.

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

ირაკლი ოქრუაშვილს კი ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებეში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა