თემურ ჭყონია ხაზარაძეზე და ჯაფარიძეზე - ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის და ამასობაში, მსოფლიო დონის ბიზ­ნესმენების გარშემო  გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს

„ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის და ამასობაში, მსოფლიო დონის ბიზ­ნესმენების გარშემო საქართველოში­ გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს,” - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას. მისი შეფასებით, ეს რომ ერთი ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა იყოს, საგამოძიებო უწყებები საგანგებო პრესკონფერენციებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებდნენ. მისი განცხადებით, ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. ბიზნესმენის შეფასებით, ამ საქმეს 2-3 წლიანი გამოძიება და მის გარშემო მუდმივად ხმაური არ სჭირდება.

„თუ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ ისეთი არაფერი ხდება­ და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი? სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო მამუკა ხაზარაძემ, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის.

ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზ­ნესმენების გარშემო საქართველოში­ გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იგი, ასევე, გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დაანონსებას. ჭყონიას განცხადებით, ამ მოძრაობაში, შესაძლოა, ცნობილ ბიზნესმენებთან ერთად, მმართველი გუნდის წევრებიც გაერთიანდნენ და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„შეწუხდა ადამიანი დღევანდელი მდგომარეობით და თქვა, რომ უნდა ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გააჯანსაღებს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. რა არის ამაში ცუდი? ამ იდეის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ეს არის თემა, რომელიც ყველას აწუხებს. ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ამ გაერთიანებაში შესაძლოა ისეთი მოქმედი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც დღეს მმართველ პარტიაში არიან. რა თქვა სამტრო და ვინმეს საწინააღმდეგო მამუკამ? რომელ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდა მისი განცხადება? არც ერთს. თუ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ისინი, ვინც მათ ოჯახს მოუტანს კეთილდღეობას.

წარმოიდგინეთ, რომ ეს იქნება ძალიან ცნობილი ბიზნესმენების ჯგუფი, ვისაც აქვს სურვილი და უნარი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს. წინასწარ ვიცი, რომ მათზე იტყვიან - ოლიგარქები არიან, ქვეყნის შესაჭმელად მოდიანო და კიდევ ათას სიბინძურეს დასწამებენ, მაგრამ, მოდი, მათ დავუსვათ შეკითხვა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს იყო ხელისუფლებაში - თვითონ რა გააკეთეს? ხომ ხედავთ, როგორი სწორი ნაბიჯები გადადგეს ბადრიმ და მამუკამ და საერთოდ გაერიდნენ იმ ბიზნესპროექტებს, რომელთა სათავეშიც იდგნენ,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იხილეთ სტატია სრულად:

იხილეთ ვიდეო: თემურ ჭყონია - ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის და ამასობაში, მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო გაურკვეველი პროცესებია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს