ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნაც და სინდისიც დამეთანხმება, რომ "გავრილოვის სისხლიანი ღამე" არ არის პირდაპირ კავშირში ლარის ამ მდგომარეობასთან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა მიმდინარე წლის დასაწყისიდან უფასურდებოდა და უკვე წლებია მძიმე მდგომარეობაშია, რაც მოქმედი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
„ლარი უკვე წლებია მძიმე მდგომარეობაშია იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ლარს წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ისედაც გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, მაისში, მაშინ როდესაც ტურისტების ნაკადი უფრო დიდი იყო, მათ შორის რუსეთიდან და არც ავიამიმოსვლაზე იყო ემბარგო და არც პუტინს ჰქონდა დაანონსებული შესაძლო სანქციები, ლარი უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ივნისში ანუ სხვაგან უნდა ვეძებოთ პრობლემა.შესაძლოა, ტურიზმში წელს ისეთი ზრდა არ გვქონდეს, როგორიც 2018 წელს იყო 2017 წელთან შედარებით, მაგრამ ზრდა მაინც იქნება, ამიტომ მთლიანად ტურიზმს ამას ვერ დავაბრალებთ, ვერ დავაბრალებთ ვერც ფულად გზავნილებს, ერთადერთი ახსნა აქ არის ინვესტიციები და მეორე ფაქტორი, რომელსაც მცირე გავლენა აქვს, შეიძლება იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა“, -აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა მთავრობის მიმართ უნდობლობაა, გამოსავალი კი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა.
„მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ ახლა გვაქვს არის მთავრობის მიმართ ნდობის არარსებობა, რომ ამ მთავრობას რამეს გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება იმას თუ რა არის გასაკეთებელი, გასაკეთებელია სამართლიანი სასამართლო, ნაკლები რეგულაცია და შესამცირებელია გადასახადები. ამ ყველაფრის კეთება ახლავე რომც დაიწყოს, მთავრობას შედეგი მაინც არ იქნება. როგორც კომპიუტერს ანტივირუსი უნდა გავატაროთ, ახლა ანტივირუსი ვერ უშველის, კომპიუტერი უნდა გადაიტვირთოს თავიდან. ანუ თუ არჩევნების შედეგად არ შეიცვალა ხელისუფლება, იმდენად აქვს ნდობა დაკარგული, რომ შეუძლებელია ამ მთავრობამ ნდობა აღიდგინოს“, -აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.