ზურაბ აბაშიძე გრიგოლ კარასინის თანამდებობიდან წასვლაზე კომენტარს აკეთებს

კონკრეტულ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გვესახება „აბაშიძე - კარასინის“ ფორმატის მომავალი, მას შემდეგ გავაკეთებ, რაც კარასინის შემცვლელის ვინაობის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არა კერძო პირების, არამედ ქართულ - რუსული დიალოგის ფორმატია, სადაც სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილება. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კონკრეტული პერსონების შეცვლამ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატზე გავლენა მოახდინოს, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც რუსეთის საგარეო უწყება გრიგორი კარასინის შემცვლელის ვინაობას ოფიციალურად დაასახელებს.

„ჩვენ დღეს მედიის საშუალებით მივიღეთ ინფორმაცია გრიგორი კარასინის შესაძლო შემცვლელის ვინაობის შესახებ. კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას.

ამ ფორმატს ჟურნალისტები ეძახიან აბაშიძე-კარასინის ფორმატს. რა თქმა უნდა, ეს პირადად ჩემი დიალოგი არ არის კარასინთან. ეს არის ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის არაფორმალური ფორმატი, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები, ანუ უფრო პრაქტიკული ურთიერთობების საკითხები. რამდენადაც ცნობილი გახდა, ბატონი კარასინი შემოდგომიდან ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს. უფრო კონკრეტულ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გვესახება ამ ფორმატის მომავალი, მას შემდეგ გავაკეთებ, რაც მისი შემცვლელის ვინაობის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ასაკის გამო თანამდებობას ტოვებს. მისი გადასვლა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში იგეგმება. გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად უკვე შერჩეულია მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე სამი პრეტენდენტი, რომელთაგან წამყვან კანდიდატურად საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინი მიიჩნევა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო