დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება

დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

ლაშა დარსალიამ დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 23-24 მაისს, ბაქოში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებდნენ გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე. აღნიშნულ პერიოდში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით. გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოში დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება დავით გარეჯში დღეს არსებულ ვითარებას, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.

ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე, ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით”, - განაცხადა დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

დარსალიას თქმით, ამ პროცესების პარალელურად, დაუშვებელია ვითარების ხელოვნურად დაძაბვა და მსგავსი ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, რომ მისცეს ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა