მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გვერდზე გადგებიან და ჩვენ კიდევ ერთი მცდელობა გვექნება სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებთან ერთად, რომ მთავრობასთან შეთანხმებას მივაღწიოთ პროექტის საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნებზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
როგორც ლევან ახვლედიანი აცხადებს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოზიციებზე კანდიდატები უკვე შერჩეულია.
მისივე თქმით, დღეს პროექტს პრობლემები აქვს ინვესტორების დარწმუნებასთან დაკავშირებით, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„დღეს ანაკლიის პროექტი საკმაოდ რთულ მდომარეობაშია, ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ის ზეწოლა, რაც განხორციელდა მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ ანაკლიის კონსორციუმის მთავარ დამფუძნებლებზე და პროექტის სპონსორებზე, ეს ძალიან უშლის ხელს პროექტს, განსაკუთრებით ართულებს პროექტისთვის აუცილებელი ინვესტორების დარწმუნებას, რომ ინვესტიცია ჩადონ ანაკლიის პორტში. დღეს ჩვენ ამ სირთულის წინაშე ვდგავართ. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: პირველ რიგში, მამუკა და ბადრი აღარ იქნებიან კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე, მათ ჩაანაცვლებენ ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პროფესიონალები, რომელთა ვინაობასაც დღეს თუ არა ხვალ გამოვაცხადებთ და ისინი წაუძღვებიან ამ პროექტს და მთავრობასთან მოლაპარაკებებს შემდგომში. ამასთან, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ვიწყებთ საზოგადოებასთან გამჭვირვალე ურთიერთობას, თუ ვინმეს გონია რომ გვინდა მიკერძოებულად ჩვენი ინტერესები გავატაროთ, ეს არის აბსურდი. ეს პროექტი არ არის ჩვენი, ბატონი მამუკასი ან ბატონი ბადრისი, ეს პროექტი არის ჩვენი ქვეყნის", -აცხადებს ლევან ახვლედიანი.