„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ადვოკატი - ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“-მა 40 მილიონამდე შემოსავალი დაკარგა

ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“-მა 30-დან 40 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.

ადვოკატმა „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირქტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განცხადება გენერალურ პროკურატურაში 16 ივლისს შეიტანა. როგორც ყავლაშვილი აღნიშნავს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს გვარამიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ადვოკატი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2“-ს შემოსვალის მიღების საშუალება.

„განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას. გამოძიებას ვთხოვეთ, შეესწავლათ რამდენიმე გარემოება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ინტერ მედიადან“ შემოსული შემოსავლების განკარგვის ნაწილი. საბუთებით, რომლის შესწავლაც ჩვენმა აუდიტორებმა მოახერხეს, ჩავთვალეთ, რომ დირექტორის მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. მან შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2“-ს შემოსვალის მიღების საშუალება „ინტერ მედიადან“, გაუზარდა „ინტერ მედიას“ საშუამავლო შემოსავალი, რის გამოც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ზიანი მიიღო.

ასევე, ჩვენს განცხადებაში მითითებული გვქონდა შესყიდვის კანონიერებებთან დაკავშირებით, გვინდოდა გამოძიებას შესყიდვების საკითხიც გადაესინჯა.

ვთვლით, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვთვლით, რომ ცალსახაა დირექტორის მხრიდან საზიანო მოქმედებების და გადაწყვეტილებების მიღების ფაქტს.

ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“-მა 30-დან 40 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგა. ეს შემოსავლები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და კომპანიისთვის საზიანოდ მიიღო „ინტერ მედიამ“.

გამოძიებას ვთხოვეთ, შეესწავლა დირექტორის მხრიდან თანხების მითვისებისა და „რუსთავი 2“-სთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების ფაქტი, რომლის საფუძველზეც, ჩვენი შეხედულებებით, მტკიცებულებების ანალიზით, კომპანია „რუსთავი 2“-მა ათეულობით მილიონის ზარალი განიცადა“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა