ვახტანგ მახარობლიშვილი შვეიცარიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პატრიკ ფრანცენთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიელ ხალხს მიულოცა საზეიმო თარიღი და მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ მახარობლიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და მათი მუდმივად მზარდი პოზიტიური დინამიკა მრავალი მიმართულებით.

„ქართველებს გვიყვარს საქართველოს შედარება შვეიცარიასთან, რაც დასტურია იმისა თუ რამდენად უყვართ ქართველებს შვეიცარია. თუმცა, ჩვენ გვსურს პირველ რიგში შესადარებელი ვიყოთ შვეიცარიასთან არა მარტო ბუნებით, არამედ როგორც თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორიული წარსული და მომავლის ხედვა, სადაც ერთმანეთთან სინთეზშია როგორც ტრადიციები ასევე ინოვაციები, სტაბილური, მდგრადი ეკონომიკა და კარგი განათლების სისტემა. მოხარული ვარ ჩვენი ურთიერთობები შვეიცარიასთან ეფუძნება მჭიდრო მეგობრობას, მტკიცე პარტნიორობას და მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებს“, - აღნიშნა მან.

ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და მედიატორის როლისთვის, რომელსაც შვეიცარია ასრულებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების კუთხით. ასევე დადებითად შეაფასა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შვეიცარიის ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი წარმოადგენს შვეიცარიის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთ გამოხატულებას და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს