რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებლებს ილიაობას, ხოლო პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ილიაობას, განსაკუთრებული პატივისცემით ულოცავს ანგელოზის დღეს საქართველოს პატრიარქს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.

„დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველის, ელია თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. ეკლესიის სწავლებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად, მეორედ მოსვლის წინ კი იგი ანტიქრისტეს სამხილებლად უნდა მოვიდეს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესვე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს - უდიდესი ეროვნული მოღვაწის, აღიარებული მწერლისა და პუბლიცისტის, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცდელობით, ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ასე მიაგო პატივი მის გამორჩეულ ღვაწლს.

დღესვე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა, პატრიარქის, რომლის სახელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღმავლობა, მისი ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ილიაობას, განსაკუთრებული პატივისცემით ულოცავს ანგელოზის დღეს საქართველოს პატრიარქს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მისალოცში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა