ადვოკატი - მიხეილ კალანდიას საზოგადოებასთან დასამალი არაფერი აქვს და მისი სურვილია, სასამართლო სხდომები გაიხსნას

მიხეილ კალანდიას საზოგადოებასთან დასამალი არაფერი აქვს და მისი სურვილია, სასამართლო სხდომები გაიხსნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა განუცხადა.

როგორც კოტეტიშვილი განმარტავს, მომდევნო სხდომებიდან მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო პროცესები, შესაძლოა, ნაწილობრივ გაიხსნას.

"დაცვის მხარემ თავდაპირველად მხარი დაუჭირა, რომ სხდომა სრულად ყოფილიყო დახურული, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და თავად მიხეილ კალანდიას სურვილით, რომ მისი სასამართლო სხდომები საჯარო იყოს, მოვითხოვეთ სხდომის გახსნა.

ის მზად არის ღიად, სასამართლო სხდომაზე იქნეს მისი საქმე განხილული. მას დასამალი საზოგადოებასთან არაფერი აქვს და სურს, სასამართლო სხდომები გაიხსნას.

სასამართლომ განიხილა ჩვენი შუამდგომლობა, თუმცა, ვინაიდან ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა დახურულ რეჟიმში თქვა, ჩვენი შესავალი სიტყვაც დახურულ რეჟიმში მოისმინა. თუ შემდეგ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმე იქნება მოსული, დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. თუ სრულწლოვანი მოწმე იქნება, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა კოტეტიშვილმა.

ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაეთანხმა თავდაპირველად დაცვის მხარე სხდომების დახურვას და ახლა რატომ ითხოვს გახსნას. როგორც საქმის პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატების დღევანდელი შუამდგომლობა მათთვის მოულოდნელი იყო.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ოთხივე ადვოკატმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა. შესავალი სიტყვის მიხედვით, ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. მომდევნო პროცესიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

პროცესის გახსნასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო. ცოტა არ იყოს, ეს მოულოდნელი იყო ბრალდების მხარისთვის, ვინაიდან წინა პროცესზე, დაცვის მხარე პროცესის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას სრულად დაეთანხმა. პროცესის დახურვა არ ყოფილა რომელიმე მხარის სურვილი, ეს იყო სამართლებრივი მოცემულობა. სამართლებრივი მოცემულობა გახლდათ საქმეში არსებულ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა გახმაურებისგან. ვინაიდან ეს სამართლებრივი ინტერესი კვლავ ძალაშია, ბრალდების მხარის პოზიციაა, არასრულწლოვნების მონაცემების გახმაურებისგან დაცვის მიზნით, პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდეს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო