ნაზი ჯანეზაშვილი - პერსონა სერგო მეთოფიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადება, გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და საშიშია

პერსონა სერგო მეთოფიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს, ჩემი აზრით ადამიანის უფლებებისთვის საშიში და საზიანოა, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას დისციპლინარული ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელიც არამოსამართლე წევრების მიერ შესაძლო დარღვევებს და დისციპლინარულ გადაცდომებს განიხილავს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს ეთიკის დაცვა და საზოგადოებაში ნდობის განმტკიცება მოეთხოვება, თუმცა ის საკუთარი განცხადებებით სისტემას მხოლოდ ზიანს აყენებს.

„სერგო მეთოფიშვილის რჩევები, განცხადებები, მისი დამოკიდებულება, საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მისი ნებისმიერი ქმედება, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი, ნდობას არ იწვევს, არ განამტკიცებს, დადებითს არ ემსახურება სასამართლო სისტემის იმიჯის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, მისი განცხადებები სასამართლოს სისტემას დიდ ზიანს აყენებს“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სერგო მეთოფიშვილი მოსამართლე წევრსა და არამოსამართლეს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

„რა მექანიზმიც არსებობს იმისთვის, რომ მოსამართლის ქცევა იმგვარი იყოს, რომ ეთიკურ მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ის მექანიზმები რეალურად პრაქტიკაში მუშაობს თუ არა, ესეც საკითხავია. არამოსამართლე წევრი არის არამოსამართლე წევრი, მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ კონკრეტული ვადით არჩეული აღნიშნული პოზიციაზე და შესაბამისად, სერგო მეთოფიშვილს უნდა ესმოდეს განსხვავება მოსამართლესა და არამოსამართლეს შორის, მაგრამ მისი დისკუსიიდან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებით, დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა და მოითხოვა, რომ მეთოფიშვილის განცხადებები,რომელიც მისი მისამართით დისკრიმინაციის შემცველი იყო, შესწავლილიყო. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დღემდე იქნა თუ არა საკითხი შესწავლილი დამოუკიდებელი ინსპექტორის მხრიდან, მისთვის უნცობია.

ცნობისთვის, სერგო მეთოფიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჯობია შეიქმნას დისციპლინარული ორგანო, რომელიც უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა მხრიდან დაშვებული დისციპლინური გადაცდომების, ან ეთიკის ნორმების უხეშად დაღვევის შემთხვევაში, დისციპლინური ღონისძიებების გატარებას განიხილავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა