გიორგი გახარია ნიქოზში - ყველას უნდა გვესმოდეს: 2008 წლის გაკვეთილი არის ის,  რომ ომი არ არის გამოსავალი

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ღონისძიებას აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივ მკვიდრებთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც მოსახლეობამ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა სთხოვა. მემორიალი ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს ეძღვნება, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, მემორიალი ყვავილებით შეამკო და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მცირეა ეს მემორიალი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ხალხისთვის და ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა გვახსოვდეს, ვიზრუნოთ პირველ რიგში მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია, 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დრო არ დავხარჯოთ იმის მტკიცებაში და იმის ახსნაში, სამშობლო ვის უფრო უყვარს, ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი და სად არის გამყოფი, საოკუპაციო ხაზი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, სად არის ეს ხაზი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს მიწაზე ომს ვერ დაიწყებ და ყველამ კარგად ვიცით, რომ ხაზი, რომელიც აქ არის, არის საოკუპაციო ხაზი. ეს მემორიალი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იდეა და თქვენი დამსახურება. მინდა ქედი მოვიხადო თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის შრომა. გამოსავალი არის უკეთესი, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და გამოსავალი არის ჩვენს შვილებზე, მათ მომავალზე და პირველ რიგში, დაღუპული ვაჟკაცების შვილებზე ზრუნვა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

„მემორიალის გარდა, მოსახლეობამ გიორგი გახარიას გზის დაგებაც სთხოვა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაასრულა სატენდერო პროცედურები და გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელში უკვე მალე დაიწყება“, - აცხადებენ უწყებაში.

მემორიალის გახსნის შემდეგ გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზზე ზემო ნიქოზის საგუშაგოშიც იმყოფებოდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა