ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპირებულ რეგიონში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„11 წელი გავიდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების დარღვევის მეშვეობით.

საქართველოში მომხდარმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება და ცხოვრებისეული ტრავმა გამოიწვია. ეს მემკვიდრეობა თაობებზე ზემოქმედებას დღესაც ახდენს. ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს.

1990-იანი წლებიდან ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობდა. ეს ძალისხმევა არსებითად გაიზარდა 11 წლის წინ და დღემდე გრძელდება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ ძალისხმევას, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს