გრიგოლ ვაშაძე - სრული თანხვედრაა ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში

სრული თანხვედრაა ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოს ომის თარიღი გამოიყენა იმისთვის, რომ დაეწყო საარჩევნო კამპანია და თავს დასხმოდა ოპოზიციას.

„გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგედიული თარიღი იყო - 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო-ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ თარიღს გამოიყენებდა იმისათვის, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისათვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა იმისათვის, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ „თვალსაჩინო პირებმა“ ეს თარიღი იმისათვის გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრათ. ამ მიდგომას შეიძლება საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს და ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაცია. ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთანაა სრულ თანხვედრაში. ის რიტორიკა, რომლითაც გუშინ „ქართული ოცნება“ ჩვენ წინაშე წარსდგა, ასი პროცენტით ემთხვევა რუსული დიპლომატიის განცხადებებს და ყურადღება მინდა მივაქციო იმ ფაქტს, რომ მთელი პასუხისმგებლობა დააკისრეს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს, გაკვრითაა ნახსენები რუსეთი და ერთხელ არ გახსენებიათ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული სამყარო, ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერები ერთხმად აღიარებენ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და ასევე, მტკიცედ მოითხოვენ ამ რეგიონების დეოკუპაციას. სრული თანხვედრააა ე. წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში, გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ ის ადამიანი, ვინც გაყალბებული არჩევნებით პრეზიდენტის კაბინეტში „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა, თავის წიგნში ლაპარაკობს, როგორ დაბომბა საქართველოს ხელისუფლებამ მძინარე ცხინვალი. ეს არის ციტატა. „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი იმაზეც ლაპარაკობს, თითქოს, ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო ინიციატივები არ გაიზიარა და მოლაპარაკებები ჩაშალა. დროის სიმცირის გამო ვერ ვილაპარაკებთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელიც სწორედ რუსეთის ფედერაციამ უარყო და ხელი შეგვიშალა ყველანაირად რომ ამ ინიციატივებს ორი სახელმწიფოს ურთიერთობა მშვიდობამდე არ მიეყვანა. ვერ ვილაპარაკებთ ეუთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, სადაც ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. ვერ ვილაპარაკებთ გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი შტაინმაიერის ინიციატივაზე, რომელიც სწორედ რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს