საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების დეკემბრამდე გადადებაზე დათანხმებით, გერმანელებმა რუსებს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს. ეს მეტ-ნაკლებად გარკვეული სახის გერმანულ-რუსულ თამაშს ჰგავს. რასაკვირველია, არ ვფიქრობ, რომ გერმანელებს ომი სურდათ, თუმცა მათ რუსეთს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს იმისთვის, რაც ჩაიდინეს,“ - ამის შესახებ საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, „შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ნახევრად მწვანე შუქი რუსეთს ბუშის სიჩუმემაც აუნთო“, თუმცა ის, ვის მიმართაც სააკაშვილი ინტერვიუში განსაკუთრებული სიბრაზითა და წყენით საუბრობს, აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსია.
„გეითსმა განაცხადა, რომ ამერიკა სამხედრო ძალას არ გამოიყენებდა და ამ ერთი ფრაზის შემდეგ რუსეთმა ახალგორი აიღო. ის საშინლად ცინიკოსი იყო და ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, ასევე გახლდათ ჩვენზე დაწესებული სამხედრო ებარგოს ერთ-ერთი ინიციატორი.
მახსოვს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადილზე ჩემს გვერდით იჯდა და მითხრა, „ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ თქვენი ნატო-ში მიღება კარგი იდეაა, თუმცა ეს ჩვენი პრეზიდენტის სურვილია და რა შემიძლია გავაკეთო?“, - აღნიშნა სააკაშვილმა.