აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენ  არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას

მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის 8 აგვისტოს განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირი კი იძულებით გადაასახლეს. ბევრისათვის კონფლიქტის შედეგები დღემდე გრძელდება: განადგურებული საარსებო წყარო, დაშორებული ოჯახები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და კერძო საკუთრება, რომელიც ჯერაც არ დაუბრუნებიათ. ბოლო 24 საათის განმავლობაში მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს.

„როგორც დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფს, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება”,- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს პირობა საქართველოს მიმართ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მანამდე არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.

და ბოლოს, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა