საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი - სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხეს ბინძური კამპანიის 5 ტელევიზიაში უარყოფა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მისი მხრიდან ყოფილ თანამშრომელზე, ეკა მესხიძეზე სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაპუნა უგრეხელიძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა. ის ამბობს, რომ მისი მხრიდან ყოფილი თანამშრომლის მიმართ სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია.

„დღეს სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მოპასუხე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ არანაირ ძალადობას მითუმეტეს, სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, სასამართლომ მოპასუხე მესხიძეს დაავალა მის მიერ ერთი წლის წინ წარმოებული ბინძური კამპანიის უარყოფა და დაახლოებით, 5 ტელევიზიაში დაევალა საჯაროდ უარყოს მისივე ინფორმაცია, რასაც ერთი წლის წინ ავრცელებდა. დღეს სასამართლომ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, დასაბუთებული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება და იქ იქნება ყველაფერი დეტალურად, ნათლად განხილული. ეს არის ის შედეგი, რომელსაც თავიდანვე, ვიდრე სასამართლო დავას დავიწყებდი, დარწმუნებული ვიყავი, ვინაიდან ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია პოლიტიკური აქცენტებით, შანტაჟის ელემენტებით.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან ხშირად ადამიანის უფლებებს ამოფარებული კეთილშობილური მიზნების უკან იმალება პოლიტიკური მიზნები და პოლიტიკური ანგაჟირებულობა. ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, ვინაიდან გენდერული საკითხები, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ძალიან კარგ მიდგომას საჭიროებს და ასეთი საკითხების ხელაღებით განხილვა შეუძლებელია, ჩვენ ასეთი საკითხების განხილვის გამოცდილება არ გვაქვს და ამ გზაზე სწორად უნდა ვიმოძრაოთ“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

უგრეხელიძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, უგრეხელიძის ყოფილმა თანამშრომელმა მას საქმიანი რეპუტაცია შეულახა. ადვოკატის თქმითვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესხიძეს მასმედიის საშუალებებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფა დაევალა.

„ჩვენ ვდაობდით, რომ მესხიძემ თავისი განცხადებებით პაპუნა უგრეხელიძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა, ვინაიდან განცხადებები ცილისმწამებლური იყო. კერძოდ, ის ამბობდა, თითქოს, პაპუნა უგრეხელიძე მის მიმართ სექსუალურ შევიწროებას ახორციელებდა, ჩაგრავდა, როგორც ქალს. ისინი წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ. ამის დამადასტურებლად უგრეხელიძემ სასამართლოში ორი თუ სამი მეგობარი მოიყვანა, რომლებიც ასევე იქ მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც პაპუნა უგრეხელიძემ მისი მეუღლე ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის და სასამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადებისთვის გაათავისუფლა, მესხიძე დაემუქრა, რომ თუკი, ის არ გადაიფიქრებდა მისი მეუღლის გათავისუფლებას, უჩივლებდა და ამ ყველაფერს, რაც შემდეგში თქვა, რომ მასზე თითქოს, სექსუალური შევიწროვება იყო, ხმაურს ატეხდა“, - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, 2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე მისმა ყოფილმა თანმშრომელმა, ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. უგრეხელიძემ პოსტი საკუთარი განცხადებით დატოვა.

იხილეთ ვიდეო: სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს