ინდოეთის სამხრეთში მდებარე შტატ კერალაში მუსონური წვიმის, წყალდიდობებისა და მეწყერის გამო, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა, ხოლო 22 ათას კაცზე მეტი ევაკუირებულია.
ამ შტატში კოკისპირული მუსონური წვიმა თვეზე მეტია გრძელდება. რეგიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი წყალმა დაფარა. ზოგიერთი დასახლებული პუნქტი მთლიანად დაიტბორა და მოწყდა გარესამყაროს. უკვე გახსნილია ხალხის დროებითი განთავსების 315 პუნქტი. შეფერხებულია რეგიონის მთავარი აეროპორტის მუშაობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხის ევაკუაციაში დახმარება სამხედროებს სთხოვა.
მუსონურმა წვიმამ ვაიანადის ოლქში მეწყერი და ღვარცოფი გამოიწვია, რამაც ფაქტობრივად დამარხა ქარხნის მუშების საცხოვრებელი კომპლექსი. მეწყერის გამო დაახლოებით 200 კაცი დაშავდა. მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს, ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ შეიძლება იყვნენ ცოცხალი ადამიანებიც და დაღუპულებიც.
ინდოეთში ასეთი დამანგრეველი მეწყერი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა, ხოლო ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი მუსონური წვიმებია.