მიხეილ ყაველაშვილი - სიმართლის თქმით იწყება დეოკუპაცია - აგვისტოს ომზე სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ

„როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის თემას ტაბუ დაადო და უმკაცრესი ცენზურა დააწესა, ჩვენი ხელისუფლებაც გარკვეულწილად განზრახ დაექვემდებარა მას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.

უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე ომიდან მე-11 წლისთავზე ისაუბროს. ყაველაშვილის განმარტებით, 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია გადაწყვიტა, ის დაემორჩილა მათ მიერ დაწესებულ ცენზურასაც, რომ აგვისტოს ომზე არ დასმულიყო კითხვები და არ მომხდარიყო მისი სიღრმისეული განხილვა. მისი თქმით, ამით „ქართულმა ოცნებამ“ შანსი მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამდგარიყვნენ ქვეყნის სამსახურში.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ხალხს სიმართლე დაუმალეს. სიმართლე კი მისი თქმით, მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილმა აგვისტოს ომის ხარჯზე საკუთარი სკამი გადაარჩინა.

„სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე აგვისტოს ომთან მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რადგან ეს არ იყო ჩვენი პარტიული დღისწესრიგი, ეს იყო ჩვენი ამომრჩევლის და ზოგადად ქართული საზოგადოების მკაცრი მოთხოვნა, რომელსაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ, მმართველი გუნდი, შესაბამისი სიმწვავით არ მივუდექით, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები და ამაზე ოდნავ ქვემოთ. მთავარი ღირებულება, რომელზეც ჩვენი ხელისუფლება დგას, არის ეროვნული ერთიანობის და თანხმობის იდეა. შესაბამისად, ჩვენი გუნდის პოლიტიკა, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად მათი მძიმე პოლიტიკური წარსულისა, მაინც უფრო შემწყნარებლობისკენ იყო მიმართული, ვიდრე მხილებისა და დასჯისკენ. სწორედ ამის დასტურია 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების გადმობარების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ისტორიული მნიშვნელობის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ოპონენტებს მოვექცეოდით არა ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებდნენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და მისი დიდი კულტურა. ეს იყო გარკვეული მორალური და პოლიტიკური ორიენტირი, თუ გინდათ ცივილიზაციური თამასა, რომელიც ჩვენმა ლიდერმა შესთავაზა ოპონენტებს და საზოგადოებას. სწორედ ამიტომ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის თემას ტაბუ დაადო და უმკაცრესი ცენზურა დააწესა, აკრძალა კითხვების დასმა ამ თემაზე, ხოლო კრიტიკული შეფასებები ხელისუფლების მიმართ ეროვნულ ღალატად გამოაცხადა, - ჩვენი ხელისუფლებაც გარკვეულწილად განზრახ დაექვემდებარა ამ ცენზურას, მაგრამ არა იმიტომ, რომ სჯეროდა იმ ტყუილის, თითქოს სიმართლე აზიანებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას და საფრთხეს უქმნის გმირ ქართველ სამხედროებს, რასაკვირველია - არა! ჩვენ დავექვემდებარეთ ამ ცენზურას და შეფასებებისას ვხმარობდით შედარებით რბილ ფორმულირებებს იმიტომ, რომ მათ ვერ ააცილეს ომი ქვეყანას მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შანსი მიგვეცა, ჩამდგარიყვნენ ქვეყნის სამსახურში და სიტყვით თუ არა, საქმით მაინც გამიჯვნოდნენ საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს. თუმცა დღეს, 7 წლის გადასახედიდან, აბსოლუტურად ვრწმუნდებით, რომ მიუხედავად ჩვენი გუნდის მცდელობის და გაწვდილი ხელისა, ამ მავნებლურმა პოლიტიკურმა ძალამ არათუ გააანალიზა და მოინანია მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული მძიმე შეცდომები და დანაშაული, არამედ კვლავ განაგრძო და დროთა განმავლობაში გააძლიერა კიდეც საზოგადოებაზე ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციური საფუძვლებისათვის ძირის გამოთხრა. მგელმა ტყისკენ ყურებას თავი არ დაანება და სავარაუდოდ, არც აპირებს.

დიახ, დღეს, 7 წლის გადასახედიდან, მეც ვაღიარებ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა, დავიჯერეთ, რომ მათი გამოსწორება შესაძლებელი იყო და ხალხს სრული სიმართლე არ ვუთხარით.

არადა, სიმართლის თქმით იწყება დეოკუპაცია. აგვისტოს ომზე სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ. ის წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში, რომელიც უკიდურასად პროქართული დოკუმენტია და რომელიც საფუძვლად დაედო არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ ამ დასკვნაში წერია სხვა სიმართლეც იმის თაობაზე, როგორი მავნებლები არიან სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.

სწორედ ამ სიმართლის დაფარვა სურდა სააკაშვილს, რომელიც მხოლოდ მას და მის გუნდს აზიანებდა და ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ ამაში შევუწყეთ ხელი. მაგრამ ამ სიმართლის დაფარვა სააკაშვილს სურდა მხოლოდ ქართველებისთვის, რადგან მსოფლიომ ეს სიმართლე ტალიავინის დასკვნიდანაც იცოდა და თვითონაც, სააკაშვილი და მისი ხროვა, როცა საკითხი საერთაშორისო ფორუმებს ეხებოდა, ხელს აწერდა და აღიარებდა ამ სიმართლეს, ესენი ხომ გარეთ მხდალი და შინ ძლიერნი არიან და მხოლოდ ქართველებს გვედიდგულებოდნენ.

ამიტომ, დღეს ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა სიმართლის თქმა. ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე და აღარ ვაპირებთ, ენა მოვუჩლიქოთ დამნაშავეებს და პირუთვნელად ვამბობთ, რომ სააკაშვილმა საკუთარი სკამი გადაარჩინა ამ ომის ხარჯზე. საკუთარ სკამში გადაიხადა 20% ჩვენი ტერიტორიებისა; საკუთარ სკამში გადაიხადა ამ ომში დაღვრილი ქართული სისხლი. დიახ, მთავარი სიმართლე არის ის, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილს დასჭირდა გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რათა დაუსრულებლად ებატონა ქვეყანასა და ხალხზე. სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ აწი ვერავინ და ვერასდროს დედამიწის ზურგზე ვერ გაბედოს ქართული სახელმწიფოს, ქართველო ხალხის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების დადანაშაულება ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმასა თუ ინსტანციაში,” - წერს მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო