ნიკა გვარამია - პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“, იმიტომ, რომ ვარ

პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“, იმიტომ, რომ ვარ,“ - ამის შესახებ „რუსთავი 2“ - ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. გვარამიას განცხადებით, ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ხელსაყრელია, რადგან ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა. მისი შეფასებით, ყველა ქვეყნის კანონდებლობით დაუშვებელია, რომ „სამოქალაქო სამართალში სისხლის სამართალი შეჩხირო.“

„ეს გადაწყვეტილება სამართლებრივადაც და ეკონომიკურადაც ძალიან ცუდია. კონტრაქტის თავისუფლება არის უზენაესი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამაზე არ დგება. მაქსიმუმ დადგეს სამეწარმეო პასუხისმგებლობა და პასუხი აგებინონ დირექტორს.

მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახეზეა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული, გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი. ჩემთვის რა? პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“ იმიტომ, რომ ვარ. ეგრეა!“ - განაცხადა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ ეს საქმე შეკერილია.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

„რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა