ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეთა სიაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებსაც არც კი ჰქონიათ სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გამხდარიყვნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომ არც კი ჰქონიათ ინტერესი და სურვილი, გამხდარიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, თუმცა მაინც მოხვდნენ სიაში, მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნილიყო ფონი, თითქოს, ეს არის კონკურენცია", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის დაწყებამდე, საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დღევანდელი გასაუბრებების შესახებ.

„ორ კანდიდატთან იქნება დღეს გასაუბრება, რომელთაგან არც ერთი არაა მოსამართლე - ერთი გახლავთ ადვოკატი და მეორე აკადემიური წრის წარმომადგენელი. ზოგადად, კარგია, რომ მრავალფეროვნება იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში, ვინაიდან არ შეიძლება, მხოლოდ დაწინაურების პრინციპით იხელმძღვანელოს საბჭომ და მხოლოდ სააპელაციოს მოსამართლეები შეარჩიოს უზენაესი სასამართლოს თანამდებობისთვის, როგორც ეს გააკეთა დეკემბერში, როდესაც მან ათკაციანი სია დააკომპლექტა. კითხვები იქნება თითქმის იდენტური, რაც სხვა გასაუბრებაზე, რომელიც შეეხება კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებას, ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი კომპონენტია", -განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

მანვე ისაუბრა ზოგადად გასაუბრების პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, არსებობდეს რეალური კონკურენცია.

"რაც შეეხება ზოგადად პროცესის შეფასებას, ჩემი მთავარი გულისტკივილია, რომ ეს არ არის რეალური კონკურენცია, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გააჯერა მოქმედი მოსამართლეებით. ის 45 კაცი, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში ფიგურირებს, უმრავლესობას წარმოადგენენ მასში მოქმედი მოსამართლეები და ბევრი ისეთი ადამიანია, რომ ჩემი აზრით არც კი ჰქონიათ ინტერესი და სურვილი იმისა, რომ გამხდარიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ეს დაადასტურა გასაუბრებამ, რომელიც მათთან წარიმართა. თუმცა ისინი მაინც მოხვდნენ სიაში, მხოლოდ იმიტომ რომ თითქოს, ეს არის კონკურენცია, ასეთი ფონი რომ შექმნილიყო. ეს არის მთავარი, რომ შეიძლება ჩვენ 20 წელი არ დაგვჭირდეს ამ პროცედურის განხორციელება, რადგან მთლიანად დაკომპლექტდება უზენაესი სასამართლო და როდესაც უვადოდ დაინიშნებიან მოსამართლეები და ის რაოდენობა შეივსება, რაც კანონითაა დადგენილი, წლები ისე გავა, რომ აღარ იქნება საჭირო, საბჭომ ეს პროცესი განახორციელოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს რეალური კონკურენცია და არა ხელოვნურად შექმნილი პროცესი", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატთან - პაატა შავაძესთან და მორის შალიკაშვილთან იმართება გასაუბრება.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა