დიმიტრი საძაგლიშვილი - არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე  სააპელაციო სასამართლო ძირეულად შეცვლის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას

არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო ძირეულად შეცვლის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გირაოს თაობაზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„სააპელაციო სასამართლო, ალბათ, დატოვებს გადაწყვეტილებას უცვლელად და არ განიხილავს ამ საჩივარს, თუმცა ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას არ გავასაჩივრებთ. მაინც გავასაჩივრებთ, რათა გამოვიყენოთ ყველა ზომა, რომელიც თუნდაც ფორმალური შეიძლება აღმოჩნდეს, მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე.“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი ისე წაუყენა, რომ საქმის მასალებს თავად არ იცნობდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაა.

„უდავო არის ის, რომ პროკურატურამ იჩქარა, როდესაც ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა, იმიტომ, რომ მათ ეს გააკეთეს ინფორმაციის გამოკვლევისა და გაანალიზების გარეშე. ეს ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურამ ამ შემთხვევაში არ შეასრულა თავისი ფუნქციები, არამედ შეასრულა დაკვეთა და მერე შეეცდება უკვე ამ დაკვეთის გამართლებას, ბრალდების გამართლებას ნიკა გვარამიას მიმართ. ძალიან მარტივია, ნიკა გვარამიას ედავებიან იმაზე, რომ თითქოს ის იყო ცუდი დირექტორი, რადგან „რუსთავი 2“-მა მიიღო ნაკლები თანხა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორ უნდა შევაფასოთ დირექტორის წარმატებას თუ წარუმატებლობა - ყველაზე სწორი მეთოდია, რომ შევადაროთ მის კონკურენტს.“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამ მხრივ, ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ტელეკომპანია „იმედთან“ გაავლო პარალელი.

„2015 წელს ედავებიან ნიკა გვარამიას, 2015 წელს ტელეკომპანია „იმედმა“, რომელიც „რუსთავი 2“-ის კონკურენტია, გაყიდა დაახლოებით 24 მილიონი ლარის ღირებულების რეკლამა, „რუსთავი 2“-მა გაყიდა 35 ნახევარი მილიონი ლარის რეკლამა, ანუ 11 ნახევარი მილიონით მეტი გაყიდა მის მთავარ კონკურენტზე იმ პირობებში, როცა რეიტინგებში ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის. ბუნებრივია, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ნიკა გვარამია იყო ძალიან წარმატებული გენერალური დირექტორი.“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კახაბერ ანჯაფარიძემ ხელი მოაწერა ხელწერილს, რომლითაც მას ეკრძალება ამ გამოკითხვის ფარგლებში იმ ინფორმაციის გაჟღერება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ პროცესში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა