სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს - რაღაც დავალება მიიღეთ ქალბატონი ნაზიბროლა და უნიჭოდ ასრულებთ - შეწყვიტეთ ეს დესტრუქცია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მცირე კამათით დაიწყო. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ. არამოსამართლე წევრი ითხოვს, რომ გადაწყვეტილება ღია სხდომაზე იყოს მიღებული.

ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ კენჭისყრა გასაუბრებების შემდეგ ჩაინიშნება.

„ჩვენ უკვე არაერთგზის განვაცხადეთ, რომ კანონით განსაზღვრული რეგულაციის თანახმად, მხოლოდ გასაუბრების პროცესის სრულად დასრულების შემდეგ, უახლოეს სხდომაზე ჩაინიშნება კენჭისყრა. თქვენ გარეშე ამას არ გადავწყვეტთ. ხვალ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როდის იქნება კენჭისყრა, კანონის შესაბამისად, ეს ჩვენი ახირება არ არის", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის თარიღის განსაზღვრაში მონაწილეობა ყველა წევრმა უნდა მიიღოს.

„თეორიულად, უახლოესი სხდომა შეიძლება ჩატარდეს დეკემბერში, ამიტომ ვამბობ, რომ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრის თარიღის განსაზღვრის შესახებ საკითხის გადაწყვეტაში და მაინტერესებს, როდის მიიღებს საბჭო ამაზე გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის განცხადებას საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილმა დესტრუქციული ქმედება უნდა შეწყვიტოს.

„რაღაცა დავალება მიიღეთ ქალბატონი ნაზიბროლა და უნიჭოდ ასრულებთ ამ დავალებას. შეწყვიტეთ ეს დესტრუქცია", - განაცხადა მეთოფიშვილმა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბჭო კენჭისყრის თარიღის განსაზღვრაზე ხვალ, კანდიდატებთან გასაუბრებების დასრულების შემდეგ იმსჯელებს.

რაც შეეხება დღევანდელ გასაუბრებებს, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან და ალექსანდრე წულაძესთან ჩატარდება. გასაუბრება ძიმისტარიშვილთან უკვე მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს