იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება სერგო მეთოფიშვილსა და ანა დოლიძეს შორის კამათში გადაიზარდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრებისას ანა დოლიძესა და სერგო მეთოფიშვილს შორის შეკამათება მოხდა.

მსჯელობის დროს ირაკლი შენგელიამ კანდიდატს კითხვა დაუსვა, ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი მისამართი და როგორ ფიქრობდა, სწორი იყო ეს თუ არა.

საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მოსაზრებით, აღნიშნული ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. დისკუსიისას ანა დოლიძემ ირაკლი შენგელიას მის მიერ დასმული კითხვის გამეორება სთხოვა, რა დროსაც დისკუსიაში სერგო მეთოფიშვილი ჩაერთო.

„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ყვირით. ვერ შეგეჯიბრებით, თქვენზე ძლიერი ხმა არ მაქვს და რომ მქონდეს, აქ არ ვიქნებოდი, სხვაგან ვიქნებოდი. გთხოვთ მშვიდად ვიმჯელოთ“, - მიმართა დოლიძემ ირაკლი შენგელიას, რასაც მეთოფიშვილის პასუხი მოჰყვა: „რატომ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში?“. თავის მხრივ, აღნიშნულზე დოლიძემ მეთოფიშვილს მიმართა: „ბატონო სერგო, გეშინიათ, რომ ის ვერ გასცემს პასუხს? გეშინიათ, რომ ერთ-ერთი წარჩინებული თანამდებობის პირი სასამართლოში, ვერ შემოვა დიალოგში?“, - მიმართა დოლიძემ მეთოფიშვილს, რაზეც ამ უკანასკნელის პასუხი იყო ის, რომ დოლიძეს „ამ საკითხის ცოდნა არ გააჩნია“. თავის მხრივ, დოლიძემ მეთოფიშვილს ისევ მიმართა: „თქვენ არ ხართ ამ საუბრის სუბიექტი და თქვენი „შარიკოვშინა“ საქართველოს მოსახლეობისთვის უკვე კარგადაა ცნობილი. ეს „შარიკოვშინა“, რომელიც საჯარო სივრცეში შემოიღო ირაკლი კობახიძემ...“, - განაცხადა დოლიძემ მეთოფიშვილის მისამართით, თუმცა საბჭოს არამოსამართლე წევრს მეთოფიშვილმა საუბარი არ დაასრულებინა და მას „თავხედი და უვიცი უწოდა“.

„თავხედი ხარ, შარიკოვიც შენა ხარ. უვიცი ხარ“, - მიმართა მეთოფიშვილმა დოლიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „თქვენი გამოთქმები საჯარო სივრცეში არის „შარიკოვშინა“, რადგან არ შეგიძლიათ ნორმალურ დიალოგში შემოსვლა“.

მომხდარს ხმაური მოჰყვა, რის შედეგადაც მცირე შესვენება გამოცხადდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატ თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრება რამდენიმე წუთში გაგრძელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა