გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დმანისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები და საჭიროებები ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივმა მოსახლეობამ გააცნო. საუბარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო სივრცეების განახლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებს შეეხო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ყველა ის პროექტი გააცნო, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.

„დმანისის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, ბიოწარმოების და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი ბენეფიციარი ჰყავდეს აღნიშნულ პროექტებს და უფრო ბევრმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი. მნიშვნელოვანია ადგილობრივები გაერთიანდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში, გააერთიანონ ფრაგმენტულად დაყოფილი მიწები, დაიწყონ ბიზნესზე ორიენტირებული წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნეს. მიმდინარე წელს, დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არაერთი პროექტის და სტიქიის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

„დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა