ადვოკატი ყანდაურაში მკვლელობაზე - გამოძიება ომარ გამყრელიძის მეუღლის მკვლელობას მათ შვილს ედავება, თავად 85 წლის მოხუცს კი - ცოლის მკვლელობაში დახმარებას

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ომარ გამყრელიძეს მხოლოდ 1 ადამიანის, მეუღლის მკვლელობაში დახმარებას ედავებიან, - ამის შესახებ ომარ გამყრელიძის ადვოკატმა გილერი ენდელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ომარ გამყრელიძის მეუღლის უშუალოდ მკვლელობას, ბრალდებულისა და მოკლულის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ედავება. რაც შეეხება შემთხვევის დროს მოკლულ დანარჩენ 4 ადამიანს, ადვოკატის განმარტებით, მათ საქმეზე არაფერია ცნობილი.

„ბრალი რაც ჰქონდა ომარ გამყრელიძეს 5 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, მოხსნილია. როდესაც საქმე გადავიდა სასამართლოში, ბრალი მოუხსენეს მკვლელობაზე და დაუტოვეს მხოლოდ მეუღლის მკვლელობაში დახმარება. მკვლელი პროკურატურის აზრით, არის შვილი ნოდან გამყრელიძე. იგივე უაზრობამდე მივიდნენ, ანუ, მამა დაეხმარა შვილს მოეკლა დედა და ძმა. ამაზე მტკიცებულებები არ აქვთ, მოწმე არ არსებობს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

გილერი ენდელაძის მტკიცებით, მკვლელი გამყრელიძეების ოჯახის არც ერთი წევრი არ არის და ის არ გამორიცხავს, რომ 5 ადამიანის მკვლელობა, დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილის ნოდარ გამყრელიძის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

„ჩემი აზრით, ეს უნდა უკავშირდებოდეს ნოდარ გამყრელიძის ცხოვრებას. ის 90-იანი წლებიდან სამხედრო პირი იყო, სპეცრაზმშიც მსახურობდა, ლაფანყურის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. არ არის გამორიცხული მის საქმიანობას უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი და სწორედ ნოდარისთვის მივიდნენ ყანდაურაში. ვიმეორებ, პროკურატურას მოწმეები არ ჰყავს. უბრალოდ ეს საქმე როგორღაც მოათრიეს სასამართლომდე“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ყანდაურაში 5 ადამიანი მიმდინარე წლის 3 მაისს მოკლეს. თავდაპირველად, საქმეზე დააკავეს 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც ბრალს არ აღიარებდა. ასევე, მოგვიანებით დააკავეს ომარ გამყრელიძის შვილიშვილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ბრალდებით. რაც შეეხება ომარ გამყრელიძის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს, ამ ეტაპზე, ის გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს