პაატა ზაქარეიშვილი - კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალზე სააკაშვილის განცხადება სრული სიბეცეა, ომის მიზეზები გზებსა და გვირაბებში კი არა, თავის თავში ეძებოს

რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავს და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „სრულ სიბეცეს“ უწოდებს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული მაგისტრალი საქართველოში ტვირთბრუნვის გაზრდასა და სახიფათო ტერიტორიაზე მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

„ის, რაც გუშინ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, სრული სიბეცეა და ამით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რამდენად შორს არის რეალობისგან და პოლიტიკისგან. ომებს არა გზები, ხიდები და გვირაბები, არამედ უგუნური, ავანტიურისტული და ვოლენტარისტული პოლიტიკა იწყებს. ის, რომ 2008 წელს აგვისტოში მოხდა ომი და რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იყო ქართული ავანტიურისტული და ვოლენტარისტული პოლიტიკის შედეგი. რუსეთმა იმდროინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პროვოკაციაზე იოლად წამოგების განწყობა ძალიან კარგად გამოიყენა. თუ რამე შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დავუფასოთ, ის არის, რომ ისინი ავანტიურისტები და ვოლენტარისტები არ არიან. ამიტომ სააკაშვილი გზებსა და გვირაბებში კი ნუ ეძებს ომის მიზეზებს, თავის თავში ეძებოს მიზეზი ომისა,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობა ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტია.

„რაც შეეხება კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ის საქართველოს ტერიტორიაზე გადის, იწყება და მთავრდება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო როკის გვირაბი, სააკაშვილს, რომ შევახსენოთ გეოგრაფია, იწყება საქართველოს ტერიტორიაზე და მთავრდება რუსეთის ტერიტორიაზე. ესენი სხვადასხვა სტრატეგიული დანიშნულების გვირაბებია. როკის გვირაბი ორ სახელმწიფოს აერთიანებს, ხოლო კობი-გუდაურის მაგისტრალი მანქანების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს ელემენტარულია, რომელიც ნებისმიერმა ბავშვმა უნდა იცოდეს. სააკაშვილმა თავისი უმეცრება და უვიცობა, ყველაფერში საერთოდ, როგორც პოლიტიკაში, ისე გეოგრაფიაში კი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობა ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტია და ვთვლი, რომ ის აუცილებლად საქართველოში ტვირთბრუნვის გაზრდასა და სახიფათო ტერიტორიაზე მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბი“ უწოდა და როგორც მან აღნიშნა, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისათვის სამხედრო გზა გაეხსნება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა