ირაკლი ქარსელაძე - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ტენდერში გამარჯვებულად იქამდე გამოცხადდა, ვიდრე მსოფლიო ბანკი მას ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთვის მსოფლიო ბანკის მიერ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, კომპანიის ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებას არც იურიდიულად და არც პროცედურულად პრობლემას არ უქმნიდა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co უკვე გამოცხადებული იყო გამარჯვებულად, როდესაც მას მსოფლიო ბანკმა საქართველოში ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით აუკრძალა.

მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერი შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარდა და გამარჯვებულმა “China Railway 23rd Bureau Group Co” -მ ყველა პირობა დააკმაყოფილა.

„სატენდერო მოთხოვნების და ამასთან სხვა პირობების, როგორიცაა ფინანსური ბრუნვები, ტექნიკური გამოცდილება და სხვა, საფინანსო ინსტიტუტთან ერთად პროცედურების გავლის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. ქრონოლოგიურად რომ ვთქვათ, ამის შემდეგ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, საუბარია ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ტენდერის მეორე ლოტზე, სადაც დედა კომპანია იღებდა მონაწილეობას და დადგინდა, რომ მან გამოიყენა თავისი შვილობილი კომპანიის გამოცდილება, როდესაც აღწერდა საკუთარ გამოცდილებას, რის საფუძველზეც მსოფლიო ბანკის წესებით, კომპანიას ტენდერებში მონაწილეობის 9 თვიანი შეზღუდვა დაუწესდა.

ქვეშეთი-კობის პროექტი ხორციელდება „აზიის განვითარების ბანკის“ მიერ და იმ რეგულაციებით, რაც ამ ბანკს გააჩნია, აღნიშნული შეზღუდვა უკვე არ მოქმედებდა დროშიც და შინაარსობრივადაც, პერიოდიდან გამომდინარე. შესაბამისად, იურიდიულად და პროცედურულად არავითარი წინაპირობა არ არსებობდა, რომ ამ კომპანიის მიმართ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა ყოფილიყო გათვალისწინებული,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ცნობისთვის, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co -სთან საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულება დღეს გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23), China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International) ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა. მიზეზი კი ის იყო, რომ კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს