გია ხუხაშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ „კონტი ჯგუფის“ გასვლა, სამწუხაროდ, პროექტიდან მთლიანად დასავლეთის გასვლას ნიშნავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ „კონტი ჯგუფის“ გასვლა თავისთავად არ ნიშნავს მხოლოდ "კონტი ჯგუფის" გასვლას, ეს სამწუხაროდ ნიშნავს მთლიანად დასავლეთის გასვლას პროექტიდან, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებას.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამის შემდეგ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დასავლელი ინვესტორების ინტერესი და მისი ტენქიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე საკმაოდ სუსტად გამოიყურება.

ხუხაშვილის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია და კონსორციუმთან ერთად პროექტის მასშტაბი და ფორმატიც კვდება.

„ჩემი აზრით, „კონტი ჯგუფის“ გასვლით, კონსორციუმს პრობლემები შეექმნება. გასაგებია, რომ ხელისუფლება ამის შემდეგ ფაქტობრივად თავის დიდი ხნის წინ დასახულ ამოცანას შეასრულებს, ანუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გაწევს ამ პროექტიდან და ამის შემდეგ ან საერთოდ დაიხურება პროექტი, ან მეორე ვარიანტია, რომ გამოცხადდება ახალი ინტერესის გამოხატვა და ინვესტორად ან რუსეთს ან უკეთეს შემთხვევაში ჩინეთს ვიხილავთ, რომლის უკანაც შესაძლოა ერთობლივი ჩინურ-რუსული სტრატეგია იდგეს. რაც პრინციპში პირადად ჩვენთვის ამ პროექტისადმი ინტერესს პრაქტიკულად ანულებს, იმიტომ რომ ჩვენთან საკმარისია პორტები იმისთვის, რომ მხოლოდ საპორტო მომსახურებაზე ვისაუბროთ. ხოლო უსაფრთხოების თემები ამ შემთხვევაში აქტუალობას კარგავს. პროექტში დასავლურ ინვესტიციებს აღარ ველოდები“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ამერიკული ჯგუფის მიერ კონსორციუმის დატოვებას მთავრობის მიზანმიმართულ პოლიტიკას უკავშირებს. მისივე თქმით, აბსოლუტურად შეგნებულად და მიზანმიმართულად მიდიოდა კონსორციუმის საბოტირება და მთელი სახელისუფლებო რესურსები იყო ამაში ჩადებული, რისი შედეგიც სახეზეა.

„ეს არის ძალიან გრძელვადიანი, საკმაოდ აგრესიული დისკრედიტაციული კამპანიის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება კონსორციუმის მიმართ აწარმოებდა. „კონტი ჯგუფმაც“ , საბოლოო ჯამში შეაფასა რისკები, როდესაც ყოველდღე გეუბნებიან, რომ შენი პარტნიორი არის მძიმე დანაშაულში, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი, ბუნებრივია ადრე თუ გვიან „კონტი ჯგუფი“ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და არაა ჩვენი ხელისუფლება იმდენად მიამიტი, რომ ეს არ სცოდნოდა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა– ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა, რაც “ინტერპრესნიუსს“ კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა