ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ლიეტუვამ მაგისტრატურაში სწავლა 4 000 ევროთი დაუფინანსა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თამთა პეტაშვილი სწავლას ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ევროკავშირის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს და მაგისტრის ხარისხს დაეუფლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

ქართველ მაგისტრანტს ლიეტუვას რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდი სასწავლო პროგრამას 4 000 ევროთი დაუფინანსებს, 400 ევროს კი, ყოველთვიურად, სტიპენდიის სახით გადასცემს.

„თამთა პეტაშვილი, რომელმაც ახალციხის N5 საჯარო სკოლა დაამთავრა, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, ლიეტუვურ ენას სტუ-ის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში ეუფლებოდა. წელს კი, ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ცენტრის შუამდგომლობითა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ის ვილნიუსის უნივერსიტეტის მაგისტრანტი გახდა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა 2018 წლის 26 მაისს გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი ქვეყნის კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვას რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო