ისრაელმა ამერიკელ მუსლიმ კონგრესმენს რაშიდა თლაიბს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე შესვლის ნება დართო, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რაშიდა თლაიბს, რომელიც წარმოშობით პალესტინელია, ნებას დართავენ ბებია მოინახულოს.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა რაშიდა თლაიბსა და კიდევ ერთ კონგრესმენ მუსლიმ ქალს -ილჰან ომარს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების უფლება არ მისცეს, თლაიბმა მთავრობას წერილი გაუგზავნა, სადაც თხოვდა, მისთვის იქ მცხოვრები მოხუცი ბებიის ნახვის უფლება მიეცათ.
„ეს შესაძლოა, ჩემთვის მისი ნახვის უკანასკნელი შესაძლებლობა იყოს. პატივს ვცემ ნებისმიერ შეზღუდვას და ჩემი ვიზიტისას ისრაელის ბოიკოტირების სტიმულირებას არ მოვახდენ,“ - აღნიშნულია რაშიდა თლაიბის წერილში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თლაიბსა და ომარს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების უფლება არ მისცა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „უდიდესი სისუსტის მაჩვენებელი იქნება, თუ ისრაელი ომარსა და თლაიბს ამ ვიზიტის ნებას დართავს...ისინი სამარცხვინოები არიან!“
პირველი მუსლიმი ქალი კონგრესმენები პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკისა და დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსები არიან.
მათ მხარდაჭერა გამოხატეს პრო-პალესტინურ მოძრაობა Boycott, Divestment, Sanctions (BDS)-ის მიმართ, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკას აპროტესტებს. კანონის თანახმად კი, BDS-ის მხარდამჭერს, შესაძლოა, ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვას.