აუდიტის სამსახური - თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბინაო ფონდის დიდი ნაწილი წლების მანძილზე უკვე გაყიდულია ან არაკანონიერი გზით დაიკავეს სხვადასხვა პირებმა

თავდაცვის სამინისტროს 700-ზე მეტი ყოფილი ან მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება აქვს, რომელიც ამ ეტაპზე შეუსრულებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სამინისტროს მიერ საბინაო ფონდის მართვის კუთხით არაერთი ნაკლოვანება არსებობს, მათ შორის სამინისტროს 700-ზე მეტი ყოფილი ან მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება აქვს და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება, დაახლოებით, 20 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას გამოიწვევს, ამავე დროს სამინისტროს საბინაო ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ. გარდა ამისა, აუდიტის შეფასებით, სამინისტროს აღნიშნული პირების ბინით დაკმაყოფილების გარკვეული პოტენციალი გააჩნია, რასაც არ იყენებს.

ანგარიშის თანახმად, ვერ დგინდება სულ რამდენი და რა ფართის საცხოვრებელ ბინებს ფლობდა სამინისტრო, რამდენი იქნა პრივატიზებული უშუალოდ სამინისტროს თანამშრომლებზე, რამდენი ბინა გადაეცათ საკუთრებაში დევნილებს ან სხვა კატეგორიის მოქალაქეებს. ამავდროულად, არ არსებობს ზუსტი სია და მონაცემები იმ პირებისა, რომლებსაც ესაჭიროებათ დროებითი საცხოვრებელი ბინა სამსახურებრივი სარგებლობისთვის.

როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბინაო ფონდის დიდი ნაწილი, წლების მანძილზე უკვე გაყიდულია ან არაკანონიერი გზით დაიკავეს სხვადასხვა პირებმა და დაირეგისტრირეს მასზე საკუთრების უფლება.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, არც კონტრაქტით დასაქმებულებისთვის, ბინის საკუთრებაში გადაცემა გათვალისწინებული არ არის, შესაბამისი კონტროლის არარსებობის პირობებში, სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, სამინისტროს ბინას არ აბარებს, რაც აუდიტის შეფასებით, წარმოშობს სახელმწიფო ქონების არაკანონიერად დასაკუთრების წინაპირობას.

2019 წლის მაისის მდგომარეობით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა დაახლოებით, 18,591 ბინა, საიდანაც: 13 451 წლების განმავლობაში გაყიდულია, 1 883 ბინაში არაკანონიერად შეჭრილი პირები ცხოვრობენ, 255 დაკეტილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, 330 საცხოვრებლად უვარგისია, 1063 ბინაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ, 71 თავისუფალია და სამინისტროს განკარგვაშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო