ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს კომისიებზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს,  მათ შორის კახეთის გზატკეცილის და თბილისის ზღვის დაბინძურების საკითხები

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს კომისიებზე სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის თბილისის ზღვის დაბინძურების საკითხი. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვის კომისიაზე კონკრეტული ფაქტები წარადგინეს, თუ როგორ ჩადის ფეკალიები თბილისის ზღვაში. ამასთან, მისი თქმით, დედაქალაქის მერიას მოუწოდეს, რომ საკითხთან დაკავშირებით უსწრაფესი რეაგირება ჰქონდეთ.

„წარმოუდგენელია ფეკალიებით სავსე წყალს სვამდეს დედაქალაქის მოსახლეობა. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა და ეს არის ეპიდემიის საფრთხე. ამასთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ ასეთი არგუმენტი, რომ კი ასეა, კი ფეკალიები ჩადის, მაგრამ თურმე იფილტრება, მაგრამ შემდეგში მიიღებენ ზომებს. უკაცრავად, მაგრამ როცა საუბარია თბილისელების ჯანმრთელობაზე, როცა საუბარია სასმელ წყალზე, სწრაფი რეაგირებაა საჭირო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, კომისიის სხდომაზე ასევე დააყენეს საკითხი, რომელიც იუსტიციის სახლთან გაცემულ სამშენებლო ნებართვას ეხება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. 2017 წელს კონკრეტულ კომპანიას ვერეს ხეობაში გადასცეს მიწის ნაკვეთი ისე, რომ არ შეიძლებოდა. დატბორვის ზონა იყო 2017 წელსაც და 2019-შიც. შემდეგ მისცეს მშენებლობის ნებართვა. მხოლოდ 2 წლისთავზე, ახლა გაახსენდათ, რომ 2017 წელს მიწის ნაკვეთი რომ გავყიდეთო, სამშენებლო ნებართვა რომ გავეცითო, უი, მანდ არ შეიძლება, ეგ დატბორვის ზონაა და ახლა უნდა გავუცვალოთ ქონებაო. ნახეთ, სადაც არ შეიძლებოდა იქ მისცეს და ახლა თბილისილების ქონებას აძლევენ ამ კომპანიას. ანუ კალაძის მამის ქონებას ან ტყემალაძის ქონებას კი არ უცვლიან, ან საკრებულოს რომელიმე დეპუტატის. არა. თბილისელების ქონებით უნაცვლებენ იმ ქონებას, რომელიც თავის დროზე არც უნდა გაეყიდათ და არც მშენებლობის ნებართვა არ უნდა მიეცათ. შესაბამისად, ამ საკითხის ამოღებას საერთოდ დღის წესრიგიდან ვითხოვთ, ამას საკრებულოს სხდომაზე დავაყენებთ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სარევიზიო კომისიის სხდომაზე კახეთის გზატკეცილის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ თავს საბრალდებო სიტყვა წაუკითხა მთავრობის სხდომაზე და განაცხადა, რომ 15 მილიონი ლარი გაიფლანგა, ხოლო კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

„კითხვა არის მარტივი. კომპანიამ რომ უხარისხოდ შეასრულა, გავიგეთ, მაგრამ ვის ევალებოდა ზედამხედველობა? ეს არის მერია, რომელსაც სამუშაოების წარმოების დროს ზედამხედველობა ევალებოდა. ასევე მიღება-ჩაბარება რომ გააფორმეს და თქვეს, რომ ეს გზა კარგია, ამის შემდეგ ხდება მხოლოდ ფულის გადარიცხვა. ეს გააკეთა დედაქალაქის მერმა და მისმა მთავრობამ. ამიტომ მარტივია, ვისი პასუხისმგებლობის საკითხია, როცა უხარისხოდ დაიგო გზა, არ აწარმოებდნენ ხარისხიანად სამუშაოებს, თუმცა ამაზე ყველამ თვალი დახუჭა, შემდეგ უხარისხო გზა ჩაიბარეს, ამაზეც ყველამ თვალი დახუჭა და თბილისელების 15 მილიონი ლარი შეიჭამა. კომპანიის გარდა, მნიშვნელოვანია, დადგეს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს