აუდიტის სამსახური - სამხედროების ბინებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული და არასამართლიანობის რისკის შემცველია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში მოქმედი საბინაო კომისიის გადაწყვეტილებები სამხედრო მოსამსახურეების ბინებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული და არასამართლიანობის რისკის შემცველია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობა შეისწავლა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის მიზნით სამინისტროში ფუნქციონირებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის საქმიანობის კრიტერიუმები, აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამჭვირვალე არ არის.

უფრო კონკრეტულად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სამინისტროში არ არის დადგენილი საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კონკრეტული და დეტალური კრიტერიუმები (გარდა კონტრაქტორი პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემისა), ამიტომ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებები მათი წევრების და წარმდგენი (რეკომენდატორი) პირების სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული და არასამართლიანობის რისკის შემცველია.

„კომისიის გადაწყვეტილებები სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული და დოკუმენტურად ვერ დგინდება, თუ რომელ კრიტერიუმთან შესაბამისობაშია კომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული,“ - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ცნობისთვის, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა 4,7 მილიარდი ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივები, საიდანაც 44%, ანუ თითქმის 1,72 მილიარდი ლარი უძრავი ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულებაა. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო 210 651 674 ლარის ღრებულების საცხოვრებელ შენობებს ფლობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა