თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნდა, სადაც თავდაცვის სამინისტროში ქონების ეფექტიანობის მართვის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებზეა საუბარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა.

„თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ყურადღებით ეცნობა აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს სხვადასხვა მიმართულებით და მაქსიმალურად ცდილობს, მითითებული ნაკლოვანებები თუ ხარვეზები, სამინისტროსთვის თუ მთავრობისთვის გაცემული რეკომენდაციებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააზრებულად და დროულად აღმოფხვრას.

ამ ეტაპისთვის, კანონით დადგენილი ვადების მიხედვით, შესაბამისი სამსახურების მიერ უკვე მომზადებული და გადაგზავნილია სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციების (სულ 8 რეკომენდაცია) შესრულების სამოქმედო გეგმა. საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კი, გვსურს ქონების მართვის ეფექტიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოყვანილ ცალკეულ საკითხებზე მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ანგარიშში საუბარია, რომ სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების შესახებ არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ქონება საბჭოთა ჯარებიდან მიღებული ქონებით იწყება, რომელიც თავის მხრივ შეფასების გარეშე, მხოლოდ რაოდენობრივად გადმოგვეცა. 2013 წლამდე არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, ხდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა. მაგალითად, აუდიტის იმავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2008 წელს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბინების საკუთრებაში გაცემის შესახებ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რაც ცხადია პრობლემას უქმნის ზოგადად ქონების აღრიცხვიანობის საკითხს. ჩვენს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაწყებულია ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დატოვებული და მოუგვარებელი.

წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, მინისტრ იზორიას ხელმძღვანელობით, პირველად დაიწყო ქონების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც თავდაცვის გეგმასა და ზოგადად, თავდაცვის ძალების განვითარების პერსპექტივას დაეფუძნება. უნდა ითქვას, რომ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობის მიზნით ქონების აღრიცხვის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ქონების დიდი მოცულობიდან გამომდინარე საჭიროა ხანგრძლივი და შრომატევადი საქმიანობის გაწევა, რაც ბუნებრივია დროის მოკლე შუალედში შეუძლებელია. თუმცა ხაზგასასმელია, რომ 2013 წლიდან უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს სისტემატიურად, შესაბამისად ხდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება და წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. მარტო 2017-2019 წლებში თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 800 000 კვ.მ. -ზე მეტი მიწის ფართობი (მიწის ნაკვეთები რომელიც არ ირიცხებოდა ბალანსზე და სახელმწიფომ სარგებლობაში გადასცა თავდაცვის სამინისტროს) და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული 6 751 079 კვ.მ. მიწის ფართობი.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ცალკეული პირების მიერ უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტები, რაც ბუნებრივია სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის ნორმებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ფაქტები დაახლოებით 10 წლის წინ ფიქსირდებოდა და შეჭრილი პირები ძირითადად დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წარმოადგენდა. აღნიშნული პირები ართულებენ მათ შორის აღრიცხვიანობის პროცესს, რადგან ხშირად ეწინააღმდეგებიან მივლენილი აღმრიცხველის მიერ აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში განხორციელებულ თვითნებობებზე მათზე კანონისმიერი რეაგირება ხორციელდება.

აუდიტის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული გარკვეული ოდენობის უძრავი ქონება არ არის შეფასებული. მოცემული მდგომარეობა განაპირობა იმან, რომ უძრავი ქონების ნაწილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლების წინ საბჭოთა ჯარებიდან გადმოცემული აქვს მხოლოდ რაოდენობრივად და თავის მხრივ შეფასებითი სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე მისი ღირებულება არ არის შეფასებული. აღნიშნული პრობლემის გარდა, ასევე გასათვალისწინებელია აღრიცხვის სამუშაოების კერძო აუდიტორული კომპანიების მიერ ჩატარების მაღალი ფინანსური ღირებულება, რაც რამდენიმე მილიონ ლარს საჭიროებს.

მოცემულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თავდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა არასწორად მიმდინარეობს და ძირითადად ეფუძნება ქვედანაყოფებიდან შესულ მოთხოვნებს. ჩვენს მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც პირველი მსგავსი დოკუმენტი იქნება სამინისტროში და რომლის მიხედვით გადაწყდება ახალი სტრუქტურული-ორგანიზაციული მოწყობა და შედეგად ინფრასტრუქტურის დაგეგმვაც თავდაცვის ძალების განვითარების ერთიან გეგმას დაეფუძნება. აღსანიშნავია, რომ მოცემული გეგმების შემუშავება და თანხვედრაში მოყვანა შრომატევადი პროცესია და შესაბამისად განსაზღვრულ დროს მოითხოვს. ამ და სხვა საკითხების ეფექტური გადაჭრისა და რეკომენდაციების შესრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტთან მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას",-აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა