დავით თვალაბეიშვილი - საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს. ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად განვითარებადი სექტორია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა „საქსტატის“ მიერ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებლის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც ენერგეტიკაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ნაკლებია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2017 წელს, რომლის დროსაც რეკორდულად დიდი მოცულობის ინვესტიცია იყო მოზიდული ეკონომიკაში, დასრულდა რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მშენებლობა და ბაქო - სუფსის ნავთობსადენის რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, აღნიშნული ინვესტიციის გამოკლებით, 2018 წელს ენერგეტიკაში მოზიდული ინვესტიცია იდენტურია იმ მაჩვენებელებისა, რომლებიც ხორციელდებოდა დარგში გასულ წლებში.

„მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ყოველწლიურად არ მიმდინარეობს, ამდენად, დარგის მდგრადობაზე საუბრისას, ამ გარემოებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილი არ არის. ამავე დროს, სახეზეა ინვესტორების მზარდი ინტერესი ენერგეტიკის მიმართ, იქნება ეს ჰიდროსადგური, მზისა და ქარის ენერგეტიკა, თბოსადგურები და სხვა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, 2018 – 2019 წლებში საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში 201 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

მისი თქმით, უკვე გაფორმებულია 28 ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას შეეხება.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის აპრილში კი წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაზე, რომლის დროსაც 750 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს დაწყებული პროექტების ან უკვე ხელმოწერილი მემორანდუმების უკან ქართველი ინვესტორები დგანან, რაც მისასალმებელია.

მინისტრის მოადგილემ ერთერთ მაგალითად დაასახელა 230 მვტ დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა და მას ადგილობრივი ინვესტორი ნავთობისა და გაზის კორპორაცია აშენებს, ინვესტიციის მოცულობა კი მინიმუმ 170 მლნ აშშ დოლარი იქნება.

„ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. სამომავლოდ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მიმართ მეტი პოპულარიზება გავწიოთ. ენერგო ბაზრის რეფორმის შემდეგ ჩვენ ველით პოტენციური ინვესტორების მეტ დაინტერესებას ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს