მამუკა არეშიძე - რუსები ხაზს უსვამენ თავიანთ დაუსჯელობას და ეს გზავნილია არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია პროცესის შეჩერება, არამედ ჩვენი პარტნიორების მიმართაც

მთავარი არის ის, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის მიმართულია ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, რაც რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს დაჩაგვრა,- ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, საოკუპაციო ხაზთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შექმნილი ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც არეშიძე აცხადებს, რუსეთი საკუთარი ქმედებებით ხაზს უსვამს, რომ მას ვერავინ დასჯის, მათ შორის, ვერც საერთაშორისო საზოგადოება.

„მდგომარეობა ძალიან რთულია და ის ხშირად რთულდება 2008 წლის შემდეგ. ბორდერიზაციის პროცესი 2010 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. რაც შეეხება გუგუტიანთკარის ეპიზოდს, ეს ადგილი 2008 წელსაც უნიკალური მოვლენა იყო, რადგან პატარა სივრცეა და პირობითი საზღვარი გადიოდა ადგილობრივი მოსახლეობის სახლებზე, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლი შუაზე იყო გაყოფილი. გუგუტიანთკარი, განსაკუთრებით სენსიტიური ადგილია და როგორც ჩანს, ამიტომ დაიწყეს იქ მავთულხლართების გაბმა რომ ამას რეზონანსი ჰქონოდა. ხელოვნურად არის შექმნილი რეზონანსული თემა. როდესაც ამას აკეთებენ ხაზს უსვამენ თავის დაუსჯელობას, გზავნილი არის არამხოლოდ ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ეს პროცესი შეაჩეროს, ასევე გზავნილია ევროსტრუქტურების, ჩვენი პარტნიორების მიმართ“,- განაცხადა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ გეოპოლიტიკურ მოვლენებსაც უკავშირდებოდეს.

„ნებისმიერ მათ აქტივობას გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა შევხედოთ, მაგალითად, 12 აგვისტოს იყო თურქმენეთში კასპიის ზღვის პირველი ეკონომიკური ფორუმი, სადაც ძალიან აქტიურად დადგა საკითხი თურქმენული გაზის ევროპაში ტრანზიტისა აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. რუსეთისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. არ გამოვრიცხავ ამის გამოძახილი იყოს მათი ქმედება და ჩვენება იმის, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, მუდმივი კონფლიქტების სივრცეა და აქ ტრანსნაციონალური პროქტების განხორციელებას აზრი არ აქვს და ა.შ. ასევე, რუსეთის მოქმედებები არის ჩვენება დასავლეთისთვის, რომ ის დაუსჯელად მოქმედებს და ხელს ვერავინ უშლის“,- განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა შეძლოს საერთაშორისო თანამეგობრობას მობილიზება და ასევე, რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება.

„მთავრობას ამ ვითარებაში შეუძლია მხოლოდ სამი რამ, აპელაცია თავის პარტნიორებზე, სამხედრო მოქმედებების დაწყება და რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება. ბოლო ორის გაკეთების საშუალება მთავრობას შეზღუდული აქვს. ჩემი აზრით, რუსეთთან საჭიროა გარკვეული მოლაპარაკებების სისტემის შექმნა, რომელიც ვითარებას ვერ შეცვლის განსაკუთრებულად, თუმცა შეიძლება სიტუაცია შეამსუბუქოს. მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები არ არის, ეს არის ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული, რაც რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს დაჩაგვრა“,- განაცხადა არეშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა