თბილისში ჰოლივუდური ბლოგბასტერის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდის გადაღება იწყება

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება დღეიდან იწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

„გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ფილმის ეპიზოდის გადაღების გამო, 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა