პოლიციამ 114 გრამი ჰეროინი ამოიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ე.ჰ. დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული 114 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.